ევროპის 18-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატი (B დივიზიონი) უკრაინაში აღარ ჩატარდება. აღნიშნული ტურნირი ქალაქ დონეცკში 24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო, მაგრამ 22 მარტს ფიბა-ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, რომ შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითრების გამო მას უკრაინა აღარ უმაპინძლებს.
უკვე გაირკვა ისიც, რომ ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის შეხვედრებს ბულგარეთი მიიღებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ესტონეთთან, ისლანდიასთან, ავსტრიასთან, ისრაელთან და გერმანიასთან ერთად მოხვდა.
რაც შეეხება ევრობასკეტ 2015-ს, მისი უკრაინიდან სხვა ქვეყანაში გადატანის საკითში ჯერ არ გარკვეულა. თავისი ლეგიტიმაციის (2010-1014 წელი) ერთ-ერთ ბოლო შეკრებაზე ფიბა-ევროპის საბჭომ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის კალათბურთის ფედერაციას და იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად შექმნილი ურთულესი სიტუაციისა, უკრაინელები შეძლებენ რესურსების მობილიზებას და ევრობასკეტს უმასპინძლებენ.
აღნიშნულ საკითხზე დეტალური მსჯელობის თარიღად ფიბა-ევროპის საბჭომ მიმდინარე წლის 15 მაისი დანიშნა. შესაძლოა, ამ დღეს გაირკვეს კიდეც ევრობასკეტ 2015-ის გამართვის ადგილი – იქნება ეს უკრაინა, თუ სხვა რომელიმე ქვეყანა ან ქვეყნები.
www.gbf.ge