ფეხბურთი

13:46 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის სხდომა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოში ფეხბურთის აღორძნებისთვის დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

სამთავრობო კომისია მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიისა და ხუთწლიანი გეგმის შემუშავებას, საფეხბურთო კლუბების დაფინანსების გაზრდის მიზნით კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობას, ფეხბურთის მოყვარულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ღონისძიებების დაგეგმვას, “უეფას სუპერ თასი 2015”-ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაციას, 2017 წელს საქართველოში დაგეგმილი უეფას 19‑წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვის უზრუნველყოფას.

ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ასევე იგეგმება მასობრივი ფეხბურთის ხელშეწყობა. ამ მიზნით საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება სამწლიანი პროგრამა.

კომისიაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან: ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი ალექსანდრე ჩივაძე, ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

0.110728