ფეხბურთი

23:20 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა – ერთიანობაში

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე საუბარი კვლავ აქტუალურია. მთავრობასთან სამუშაო შეხვედრების შემდეგ, გაგაცნობთ, თუ რაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა.

საქართველოს მთავრობას მასშტაბური პროექტების ნუსხა წარედგინა, რომელიც პრემიერის მიერ იქნა მოწონებული. მისივე ინიციატივით შეიქმნა ქვეკომისია, რომელმაც, პრემიერის უშუალო დავალებით ამ პროექტებზე უნდა იმუშაოს და კომისიას საბოლოოდ დამუშავებული ვარიანტები წარუდგინოს.

საზოგადოება კი, შეცდომაშია შეყვანილი და მსჯელობის მთავარი თემა ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი და გუნდების რაოდენობის გაზრდა ჰგონია.

ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, ყველა დაინტერესებულ პირს განვუმარტოთ, თუ რაზე მუშაობს რეალურად სახელმწიფო კომისია და რა საკითხები დგას დღის წესრიგში.

მთავრობასთან შეხვედრაზე, სფფ-ის მიერ წარდგენილ მასშტაბური პროექტების ნუსხაში შემდეგი ჩამონათვალია:

სტადიონების რეაბილიტაცია

კლუბების ფინანსური მხარდაჭერა

უეფას სუპერთასი-2015

უეფას 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა

უეფა-სფფ-ის საგანმანათლებლო პროექტები (ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები)

მასობრივი ფეხბურთის განვითარება (ხელმისაწვდომობის გაზრდა)

როგორც ხედავთ, კლუბების ფინანსური მხარდაჭერა ამ ჩამონათვალში ერთ-ერთია და არა ერთადერთი. წელში გამართული კლუბები ფეხბურთის განვითარების მნიშვნელოვანი დეტალი რომაა, ამაზეც არავინ დაობს. თუმცა, იქ, სადაც განვითარების მასშტაბურ პროექტზეა საუბარი, რომელიმეს წინ წამოწევა და მისით სპეკულირება მართებულად არ მიგვაჩნია.

სამწუხაროდ, ამ საკითხის გარშემო ისეთი წარმოდგენა შეიქმნა, თითქოს, მთავრობასთან მსჯელობისა და განხილვის მთავარი თემა მხოლოდ კლუბების დაფინანსება და ჩემპიონატის ფორმატია. ამიტომ საზოგადოების ნაწილს მცდარი წარმოდგენა ექმნება, რადგან სრულად არ არის ინფორმირებული...

მასშტაბურობისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა იმ პუნქტის არსებობა (რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ) და მასზე მუშაობაა მთავარი მიზანი და სწორედ, ამას ელოდება კომისიისგან ქვეყნის მთავრობის მეთაური.

სახელმწიფოს სფფ-სთან ერთად, აღებული აქვს ვალდებულება, მაღალ დონეზე, ღირსეულად უმასპინძლოს უეფას 2015 წლის სუპერთასს. სამუშაო კი, ძალიან ბევრია. საქმე მხოლოდ სტადიონს არ ეხება. მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლოთ.

უეფას 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვაზე, სტადიონების რეაბილიტაციაზე უნდა იმუშაოს სახელმწიფო კომისიამ.

ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების დაარსებისა და მათ განვითარების სრულყოფილი გეგმა უნდა წარადგინოს სახელმწიფო კომისიამ, რომელიც უეფას, სფფ-ისა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი იქნება და ათასობით მოზარდი უფასოდ შეძლებს საფეხბურთო განათლების მიღებასა და ვარჯიშს.

აი, ეს იყო მთავრობის ხელმძღვანელთან პირველადი შეთანხმება და ყველა ამ საკითხის წარდგენას ელოდება ქვეყნის პრემიერი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმატისა და რამდენგუნდიანი ჩემპიონატი იქნება, ამას წყვეტს ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რადგან ეს უშუალოდ ფედერაციის შიდა საქმეა. ჩემპიონატი ფედერაციის ეგიდით ტარდება და ეს მისი პასუხისმგებლობაა.

საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები კლუბებთან. შესაბამისად, გადაწყვეტილებას სფფ თავის სუბიექტებთან ერთად მიიღებს. სახელმწიფოსთან ერთად კი, გაცილებით მასშტაბურ პროექტებსა და საკითხებზეა სამუშაო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, დღეს უეფაში გაემგზავრნენ, სადაც ინტენსიურ კონსულტაციებს გაივლიან არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ამ ყველაფერში უეფასაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს; ჩვენ კი – ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები. 

19 მაისს, უეფადან დაბრუნებული ზვიად სიჭინავა და რევაზ არველაძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ და ყველა აქტუალურ თემაზე ვრცელ, დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ. 

 

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113428