ფეხბურთი

22:19 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეგრულ დერბიში ”მერანმა” იმარჯვა

საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში მარტვილის ”მერანმა” კვლავ სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე უმასპინძლა მეტოქეს – ამჯერად ”ზუგდიდს”.

მარტვილელებმა საწყის წუთებშივე შეუტიეს და მე-5 წუთზე ფონიავას ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, თუმცა ზუგდიდელთა მეკარემ კარგად ითამაშა.

მე-16 წუთზე ზუგდიდელებმა მწვავე იერიშით უპასუხეს მასპინძლებს, ეხვაიას დარტყმული მცირედით აცდა მერანელთა კარს.

21-ე წუთზე კვანტალიანი ურტყამდა თავით, თუმცა ამჯერადაც კარგად ითამაშა ”ზუგდიდელთა” კიპერმა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მერანის 11 ნომერი - აკაკი შულაია, 16 წლის (!) თავდამსხმელი მოსვენებას არ აძლევდა ზუგდიდელ მცველებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, ”სამტრედიასთან” თასის მატჩში შულაიამ გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

42-ე წუთზე ”მერანმა” მაინც გატანა. ”ზუგდიდის” საჯარიმოს ხაზთან დანიშნული ჯარიმა, შოთა ბაბუნაშვილმა ბრწყინვალედ შეასრულა და ანგარიში 1:0 გახდა ”მერანის” სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ზუგდიდელებმა მწვავედ შეუტიეს. კარგი მომენტი ჰქონდა ლუკა გუგუჩიას, რომლის დარტყმულიც მერანელთა მეკარემ განმუხტა.

ზუგდიდელები ცდილობდნენ ანგარიში გაეთანაბრებინათ და მეორე ტაიმის მიწურულს გაორმაგებული ძალებით შეუტიეს მეტოქეს, რასაც შეცვლაზე შესული გიორგი ქვარცხავას სახიფათო დარტყმა მოჰყვა, თუმცა “მერანის” მეკარემ ამჯერადაც უშეცდომოდ ითამაშა.

მატჩის 86-ე წუთზე კი შეტევაში გართულ ზუგდიდელებს ”მერანის” კონტრიერიში გამოეპარათ და კუჭუხიძის წაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, აფაქიძე კი გააფრთხილა, რასაც ზუგდიდელი გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა.

პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა, თუმცა უხეიროდ, მეკარე ადვილად დაეუფლა ბურთს.

შეიძლება ითქვას, კუჭუხიძემ თავისი ”დანაშაული” მალე გამოასწორა, მატჩის დამატებულ 92-ე წუთზე კიჭი მელიავას (რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე)  გამოზომილ ჩაწოდებას შესანიშნავი თავურით უპასუხა. მეკარე უძლური იყო და 0:2. ა

მასობაში, მსაჯის მიერ დამატებული 4 წუთიც ამოიწურა და ”მერანმა” მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გამარჯვება იზეიმა.

 

მატჩის შემდეგ:

ალხაზ ჟვანია: ”როგორც დერბის შეეფერება, კარგი თამაში გამოვიდა. მართალია, იყო შეცდომები, თამაშის ხარისხიც იდეალური არ გახლდათ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას.”

ობა წიტაიშვილი: ”მიუხედავად შედეგისა, თამაშით კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა იბრძოლეს. ”ზუგდიდს” შეკრებაც არ გაუვლია, ფეხბურთელებმა ვარჯიში ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე დაიწყეს, შეთამაშება გვაკლია, მალე დალაგდება გუნდი და შედეგიც იქნება.

- გულშემატკივარიზუგდიდშიეგვიპტელი ფეხბურთელის ამირ მეგაჰედის გამოჩენას ელოდა, თუმცა ის განაცხადში არ იყო. მიზეზი?

- მეგაჰედი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რამდენიმე მატჩი ეგვიპტის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. გარკვეული პრობლემების გამო, ის ვერ ახერხებდა საკუთარ გუნდში თამაშს. ამ ეტაპზე ის მზადაა “ზუგდიდს” უხელფასოდ დაეხმაროს. გარდა მეგაჰედისა ჩამოგვყავს კიდე ერთი ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგაში ”მაინცის” შემადგენლობაში იყო. ასე რომ, “ზუგდიდი” ჩემიონატში იბრძოლებს.”

 

მერანი (მარტვილი) - ზუგდიდი (ზუგდიდი) 2:0 (1:0)

25 აგვისტო. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი. 700 მაყურებელი

მერანი: შეროზია, მელიავა, ქარქუზაშვილი, ფარულავა, ხუბუა, კერძევაძე, მელქაძე, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე 70), შულაია (ლობჟანიძე 86), ფონიავა, კვანტალიანი (ბანეგა 90).

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

ზუგდიდი: მამალაძე, რიგვავა, აქუბარდია, აფაქიძე, ონიანი (ქვარცხავა 60), მირცხულავა, ხუბუა, გუგუჩია, ლომია, წურწუმია (ფარჯიკია 69), ეხვაია (ჭრელაშვილი 54).

მთავარი მწვრთნელები: ოთარ თუთბერიძე, კლიმენტი წიტაიშვილი.

გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი (42), 2:0 კუჭუხიძე (92).

გაფრთხილება: მირცხულავა (65), ფონიავა (66), კუჭუხიძე (73), ხუბუა (80), აფაქიძე (81)

მსაჯი: ჯენერი ხორავა (ხობი)

 

25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი

III ტური. 25 აგვისტო

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:2 (0:1)

გოლი: 0:1 გიორგი დათუნაიშვილი (43), 0:2 დიმიტრი ტატანაშვილი (69)

 

სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჯაბა უგულავა (45), 2:0 გიორგი კახელიშვილი (62)

 

26 აგვისტო

მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი

 

გადაიდო

დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი)

 

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

1 ჩიხურა 3 2 0 1 7:4 6
2 სიონი 3 2 0 1 5:2 6
3 მერანი 3 2 0 1 4:2 6
4 მეტალურგი
2 1 1 0 4:3 4
5 ტორპედო 2 1 1 0 4:3 4
6 ვიტ ჯორჯია 3 1 1 1 3:2 4
7 დინამო თბილისი 2 1 1 0 3:2 4
8 დილა 2 1 1 0 3:2 4
9 გურია
3 1 0 2 1:5 3
10 ზუგდიდი
3 0 1 2 1:5 1
11 ზესტაფონი 2 0 0 2 3:5 0
12  სპარტაკი
2 0 0 2 1:4
0

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

 ედემი ელერჯია

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.180179