ფეხბურთი

15:35 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაცია ლაგოდეხში ჩინებულ სპორტულ კომპლექსს აშენებს

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ მოწყობილი მედიატურის შედეგად ლაგოდეხში ჩასულებს საინტერესო და საქმიანი ვითარება დაგვხვდა. სპორტულ ბაზაზე გახურებული მუშაობაა გაჩაღებული, კომპლექსი ნახევრად უკვე გაკეთებულია დანარჩენსაც წლის ბოლომდე დავამთავრებთო - გვითხრა სფფ-ის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ.

ეს ბაზა 1974 წელს აუშენებიათ და თავის დროზე ძალიან პოპულარულიც ყოფილა. მერე, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, 90-იანი წლების დასაწყისში, უფროსი ნოდარ ახალკაცის პრეზიდენტობისას, კიდევ იმართებოდა ხოლმე ტურნირები. მერე კი...…

 ბაზის დირექტორი ბადრი სამარგულიანი გვიამბობს: “ხომ გახსოვთ ცნობილი ფილმი “მალე გაზაფხული მოვა”, იქ მარტოდ დარჩენილი სერგო ზაქარიაძის გმირი სულ ვიღაცას ელის. ამ 20 წლის განმავლობაში მეც ასე ვიყავი, ეს მშვენიერი ბაზა ნელ-ნელა ნადგურდებოდა და გული მიკვდებოდა, მშველელი არსად ჩანდა. და აი, ახლა ყველაფერი საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაციამ აიღო. ბ-ნი ზვიადი შეგვპირდა აქაურობას მალე მოვუვლითო და სიტყვას ასრულებს. როგორ არ გიხაროდეს კაცს, როცა ასეთი საშვილიშვილო საქმე კეთდება.”

ბაზა ნაკრძალში მდებარეობს და ისიც კი გვითხრეს, სასმელ წყალს კალმახები მოჰყვებიანო. ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან შენდება. კომპლექსი 4 სართულიანია. მშენებლობაში კი 60-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ზვიად სიჭინავა: “ეს არ არის კომერციული პროექტი, ბიუჯეტიდან აქ თეთრიც არ იხარჯება, ყველაფერი ფიფას და უეფას პროექტებით კეთდება. დაახლოებით 700 ათასი ლარი უკვე დაიხარჯა. საცხოვრებელი კომპლექსი წლეულს დამთავრდება და 150-მდე ადამიანს მოემსახურება. აქ გაკეთდება სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი, კვების ობიექტი, საკარანტინო, საპრესკონფერენციო და თეორიული მუშაობისთვის განკუთვნილი ოთახები. 2 სტანდარტული საფეხბურთო მინდორი - ერთი ბუნებრივი, მეორე ხელოვნური საფარით, შესაძლებელი იქნება მინიფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის, რაგბის თამაში, ასევე მოეწყობა ჭიდაობის დარბაზი, აუზი, თუ საჭირო გახდა ერთ ოთახს მოჭადრაკეებსაც გამოვუყოფთ. ჩამოთვლილ სპორტის სახეობებში ასაკობრივი გუნდების შეჯიბრებებიც გაიმართება. საერთოდ კი, მთავარი მიზანი რეგიონში სპორტის გაცოცხლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა. და კიდევ, სირცხვილი არ არის, კახეთს ერთი გუნდი რომ არ ჰყავს უმაღლეს ლიგაში?

ახლა ჩვენი გუნდები უცხოეთში დადიან შეკრებებზე და საკმაოდ ძვირი უჯდებათ. მოვიდნენ, ბატონო და აქ ივარჯიშონ, გაცილებით ნაკლებს გადაიხდიან და არც პირობები იქნება ნაკლები.”

სოსო ტყემალაძე (ლაგოდეხის რაიონის გამგებლის მოადგილე): “ლაგოდეხში სპორტულ ცხოვრებას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა და ახლა ძალიან გვიხარია ასეთი საშვილიშვილო საქმე რომ კთდება. 2011 წელს ეს კომპლექსი 49 წლიანი იჯარით გადავეცით ფეხბურთის ფედერაციას და თავადაც ხედავთ რა კარგად მუშაობენ. აქ ადგილობრივ ბავშვებსაც შეეძლებათ ლამის სპორტის ყველა სახეობაში ვარჯიში და ამაზე დიდი საქმე რა უნდა იყოს. ამიტომ გამგეობის და ლაგოდეხელების სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და პირადად ბ-ნ ზვიად სიჭინავას.”


0.245327