თავიდან, ცხადია, მიმოხილვის “ტოტენჰემის” მატჩით დაწყებას ვაპირებდით, ჩვენი “დინამოს” მეტოქეა და მისდამი ყურადღებაც გაორმაგებულია. უელსურმა “სუონსიმ” “დეზებს” თბილისელებზე ოდნავ მეტი წინააღმდეგობა გაუწია... მაგრამ, სანამ ამ ამბებს მოვყვებოდეთ, დღის მთავარ სენსაციაზე ვთქვათ, რომელიც მეორე უელსურმა გუნდმა - პრემიერლიგის ახალწვეულმა “კარდიფმა” გამოაცხო. მალკოლმ მაკაის შეგირდებმა არა ვიღაც, არამედ თვით მრისხანე “მანჩესტერ სიტი” დაამარცხეს. შესაძლოა, “სიტის” სხვასთანაც წაუგია, მაგრამ კარდიფელთათვის ეს გახდა მოვლენა, რომელიც ყოველთვის ეხსომებათ.
ვინც ტელერეპორტაჟს უცქირა, ბოლო წუთებზე ყურადღებას მიაქცევდა უელსელი გულშემატკივრების ქცევას: ისინი, ლამის ყველა, ლოცულობდნენ და მოედნისკენ აღარც იყურებოდნენ, ღმერთს სთხოვდნენ მსაჯის მიერ დამატებული ის 6 გრძელი წუთი მალე გასულიყო. გაიწელა, ძალიან გაიწელა დრო და როცა ლი პრობერტმა საფინალოდ ჩასტვინა, თითქოს მთელი კარდიფი მეორედ დაიბადაო. გრძნობებმა ერთიანად იხეთქა. რა ხდებოდა საღამოს ამ კოხტა ქალაქის პაბებში ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. ეს ის შემთხვევაა, როცა სტადიონზე მყოფნი ამაყად მოუყვებიან შვილიშვილებს – ამ დღეს ჩვენ “მანჩესტერ სიტი” დავამარცხეთო.
პრემიერლიგა იმითაც არის საინტერესო, რომ დროდადრო “პატარები” “დიდებს” წკიპურტს უთავაზებენ ხოლმე. ასე იყო პირველ ტურში, როცა “ასტონ ვილამ” ლონდონში დაამარცხა”არსენალი.” ახლა კი უელსელებმა ივაჟკაცეს. გასახდელიდან კარდიფელები კაპიტანმა კრეიგ ბელამიმ გამოიყვანა, კაცმა, რომელსაც “ქალაქელებთან” საკუთარი ანგარიშიც ჰქონდა - “სიტიში” მან 2 სეზონი გაატარა და იქიდან სკანდალით წამოვიდა.
საკუთრივ მატჩმა კი დაამტკიცა, რომ მანჩესტერელებს უამრავი პრობლემები აქვთ როგორც უკანა, ასევე წინა ხაზშიც. მაგალითად, სამი გოლიდან 2 კუთხურების შემდეგ გაუშვეს. ორივე შემთხვევაში, რატომღაც სულ მარტო რჩებოდა მატჩის გმირი ფრეიზერ კემპბელი. შედეგად, მან დუბლი მიითვალა. პირველი გოლისას კი სტუმართა მცველებმა არონ გუნარსონს ვერ მაქციეს სათანადო ყურადღება. არცთუ კარგად გამოიყურებოდნენ აგუერო და დავიდ სილვა. ჯეკოსაც, გატანილი გოლის მიუხედავად, საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია. მოკლედ, “სიტიმ” ბევრი კითხვა გაუჩინა ქომაგებსაც და უპირველესად, დამრიგებელ მანუელ პელეგრინის.
ახლა “ტოტენჰემზეც” ვთქვათ. ვილაშ-ბოაშმა თბილისური მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოში დააბრუნა ბელგიელი ვერტონგენი, ბოლოსკენ მინდორზე “ტრავმირებული” დეფოც გამოჩნდა. როგორც ჩვენი ინგლისელი კოლეგა პოლ ჰირსტი წერს: შუა კვირაში საქართველოში განხორციელებული 4500-მილიანი მოგზაურობის მიუხედავად, “დეზებმა” თავიდანვე მედგრად შეუტიეს მოწინააღმდეგეს. მართლაც ასე იყო, “ტოტენჰემი” ერთი თავით სჯობდა “სუონსის” და ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ანგარიში გაცილებით სოლიდური იქნებოდა. სოლდადოს და პაულინიოს ნაღდი მომენტები ჰქონდათ. თბილისური მატჩის შემდეგ “მსოფლიო სპორტის” ნაქები ანდროს თაუნსენდი კი ამჯერადაც საუკეთესო იყო მინდორზე. ემანდ, ამ ჭაბუკმა აარონ ლენონის ადგილიც არ დაიჭიროს მარჯვენა ფრთაზე. ის ერთთავად ამწვავებდა თამაშს, ხშირად შუისკენაც იწევდა და იქიდან ემუქრებოდა მოწინააღმდეგეთა კარს. ერთ-ერთი ასეთი რეიდისას ანდროსი საკუთარ საჯარიმოში ექსლივერპულულმა ჯონჯო შელვიმ (სხვათა შორის, შელვი და თაუნსენდი ერთად თამაშობენ ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში)წააქცია და მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი. სოლდადომ, ისევე, როგორც პირველ ტურში, ამჯერადაც ზუსტად დაარტყა.
მოკლედ, ამ ზაფხულს 26 მილიონ გირვანქად ნაყიდმა ესპანელმა გადახდილი ფულის “ამოღება” უკვე დაიწყო, ჯერ მხოლოდ 3 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ლონდონელთა რიგებში და 4 გოლი გაიტანა. აქედან 2 თბილისში, ჩვენი “დინამოს” კარში.
ამრიგად, “ტოტენჰემს,” “ჩელსისა” და “ლივერპულის” მსგავსად, ჯერჯერობით ქულათა მაქსიმუმი აქვს.
ორშაბათს კი თბილისის დროით 23 საათზე, პრემიერლიგაში ძალიან საინტერესო მატჩია: “მანჩესტერი” თავის “ოლდ ტრეფორდზე” “ჩელსის” მასპინძლობს.
ტოტენჰემი – სუონსი 1:0 (0:0)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.”
ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, როუზი, უოლკერი, დემბელე (სიგურდსონი 65), პაულინიო, კაპუე, თაუნსენდი (სანდრო 88), სოლდადო (დეფო 80), შადლი
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი, რუტლიჯი (პოზუელო 59), შელვი (ბონი 69), პაბლო ერნანდესი, მიჩუ, კანიასი
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
გოლი: 1:0 სოლდადო (58 პენ.)
გაფრთხილება: სოლდადო (76); დევისი (17), ვორმი (31), მიჩუ (40), უილიამსი (73)
მსაჯი: ნილ სუორბრიკი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 7(14)-5(2), ჯარიმა: 11-15, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 0-3, სეივი: 5-6
კარდიფი – სიტი 3:2 (0:0)
კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 27 068
კარდიფი: მარშალი, ტეილორი, კონოლი, ტერნერი, კოლკერი, უითინგემი, მედელი, გუნარსონი, ბო-კიუნგ კიმი (მატჩი 90), ბელამი (ქოუვი 83), კემპბელი (კორნელიუსი 90+3)
მწვრთნელი: მალკოლმ მაკაი
სიტი: ჰარტი, ლესკოტი, კლიში, საბალეტა, ხავი გარსია, დავიდ სილვა, იაია ტურე, ხესუს ნავასი (ნასრი 55), ფერნანდინიო (მილნერი 77), აგუერო, ჯეკო (ნეგრედო 69)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1 ჯეკო (52), 1:1 გუნარსონი (60), 2:1, 3:1 კემპბელი (79, 87), 3:2 ნეგრედო (90+2)
გაფრთხილება არ ყოფილა
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 30%-70%, დარტყმა: 6(3)-5(11), ჯარიმა: 2-11, კუთხური: 3-8, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-3
26 აგვისტო: მანჩესტერი – ჩელსი
მეგოლეები: კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა)
| 1. | ჩელსი | 2 |
2 |
0 |
0 |
4:1 |
6 |
|
| 2. | ლივერპული | 2 | 2 | 0 | 0 | 2:0 | 6 | |
| 3. | ტოტენჰემი | 2 | 2 | 0 | 0 | 2:0 | 6 | |
| 4. | ვესტ ჰემი |
2 | 1 | 1 | 0 | 2:0 | 4 | |
| 5. | საუთჰემპტონი | 2 | 1 | 1 | 0 | 2:1 | 4 | |
| 6. | სიტი |
2 | 1 | 0 | 1 | 6:3 | 3 | |
| 7. | მანჩესტერი |
1 | 1 | 0 | 0 | 4:1 | 3 | |
| 8. | არსენალი | 2 | 1 | 0 | 1 | 4:4 | 3 | |
| 9. | ასტონ ვილა |
3 | 1 | 0 | 2 | 4:4 | 3 | |
| 10. | სტოკი |
2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
| 11. | კარდიფი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:4 | 3 | |
| 12. | ფულემი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 | |
| 13. | ჰალ სიტი |
2 | 1 | 0 | 1 | 1:2 | 3 | |
| 14. | ევერტონი | 2 | 0 | 2 | 0 | 2:2 | 2 | |
| 15. | ნორვიჩი | 2 | 0 | 1 | 1 | 2:3 | 1 | |
| 16. | სანდერლენდი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:2 | 1 | |
| 17. | ვესტ ბრომვიჩი |
2 | 0 | 1 | 1 | 0:1 | 1 | |
| 18. | ნიუკასლი |
2 | 0 | 1 | 1 | 0:4 | 1 | |
| 19. | კრისტალ პალასი |
2 | 0 | 0 | 2 | 1:3 | 0 | |
| 20. | სუონსი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:5 | 0 |





