ბლოგი

10:01 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელები და მოტრფიალე ქალები

ფეხბურთელებზე შეყვარებულ გოგონათა მთელი თაობები ახსოვს საფეხბურთო სამყაროს. ვინ არ ყვარებიათ და როგორი სიფათის მქონე ჯეელებისათვის ჩახუტებაზე არ უოცნებიათ დედამიწის ოთხივ კუთხივ - ტიჯანი ბაბანგიდადან დაწყებული და რევაზ ჩელებაძით დამთავრებული. თუმცა, ქალთა თაობებს თავიანთი გამორჩეული კერპებიც ჰყოლიათ და დღესაც ჰყავთ. მაგალითად ისეთები როგორიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, გაბრიელ ბატისტუტა და კრიშტიანუ რონალდუ არიან. განგებამ უწყის, რამდენი ცრემლი დაღვრილა და რამდენი ნაღვლიანი ღამე გათენებულა საყვარელ ფეხბურთელებზე ფიქრში...

ჩემი თაობის ქართველ გოგონებს რამდენადაც მახსოვს, უფრო მეტად იტალიელი ფეხბურთელები მოსწონდათ. მაშინ იტალიური ფეხბურთის მოყვარულ ბიჭებს ამ გოგონების გამო მეგობრები დაგვცინოდნენ. იტალიის ნაკრების თბილისში ყოველი სტუმრობა გოგოებისათვოის ჭეშმარიტად დიდი ზეიმი იყო და თუკი ჩვენ, “ეროვნულზე” რობერტო ბაჯოსა და ალესანდრო დელ პიეროს განავარდების ცქერა გვეწადა, გოგონები მათი სიფათების ცქერითაც ბედნიერები იყვნენ და ჩვენც როგორც შეგვეძლო ამას გაგებით ვეკიდებოდით და არც ახლა მოვიკლავთ თავს იმაზე წუხილით – აქაოდა ქართველ ქალებს ეს რა დამართნიათო...

საყვარელ ფეხბურთელებთან ფოტოს გადაღების სურვილი – ესაა ფეხბურთელებზე შეყვარებულ ასულთა მარადიული და წყალშეუმდგარი ნატვრა. როდესაც გერმანიის ნაკრები საქართველოს პირველად ეწვია, დაუვიწყარი იყო ორი თბილისელი გოგოს მონდომება და ღვაწლი, რომლებიც გერმანელ ფეხბურთელებთან ფოტოების გადაღების სურვილით სასტუმროს წინ ღამეებს ტეხდნენ და ბოლოს მაინც მიაღწიეს საწადელს! ფოტო იურგენ კლინსმანთან – განა ეს უბრალო ამბავია!? განა ამისთვის არ ღირს ღამის გატეხვა?!...

იყო დრო, როდესაც ჩვენებურ ასულთა უმთავრესი კერპები თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები იყვნენ. “დინამოს” ძველი თაობის ფეხბურთელები ალბათ ყველაზე კარგად გაიხსენებენ მათდამი ტრფობის გამომხატველ სიტყვებსა თუ წერილებს, სატელეფონო ზარებსა თუ შორიდან შეძახილებს. მაგალითად ასეთს: “მიყვარხარ ხინჩაგ!”, “ვგიჟდები გუცაევზეე…”, “აუ, ეს ბიჭი მიყვააარს” და მისთანანი... ეს ის დრო იყო,  როცა ფეხბურთელებზე შეყვარებულ ჩვენებურ გოგონებს შორს წასვლა არ სჭირდებოდათ და მათი კერპები აქვე, თბილისში ეგულებოდათ. ერთ-ერთ ძველ “დინამოელს” (სახელს სპეციალურად არ ვამბობ. რა იცი, იქნებ ეჭვიანი ცოლი ჰყავდეს და ეწყინოს...) საერთო ნაცნობისთვის მოყოლილი აქვს, ქუთაისიდან როგორ ესტუმრა მასზე შეყვარებული გოგონა და რამდენი ძალისმევა დასჭირდა ეს გოგო უკან, მშობლებთან რომ გაემგზავრებინა.

მოკლედ, ფეხბურთზე შეყვარებულ ქალთა არმიები, სპორტის ამ სახეობის თანმდევი ამბავია და სანამ მწვანე მინდორზე მორბენალი ახოვანი თუ დაბალი, ქერა თუ შავთმიანი ჯეელები ირბენენ, მათზე გულშევარდნილი გოგონები არასოდეს გამოელევათ. ამ მხრივ გამონაკლისი რა თქმა უნდა არც საქართველოა. თუმცა, ის რაც ამ კუთხით სხვაგან ხდება, ზოგჯერ წარმოსადგენადაც კი ძნელია.

მაგალითად, მარიო ბალოტელის სახლთან მასზე შეყვარებულ გოგონებს მორიგეობა აქვთ დაწესებული და შავტუხა მარიოს ღამე არ აძინებენ მასზე მოთქმითა და კივილით, კრიშტინუ რონალდუს იმდენი მოტრფიალე ახვევია, იძულებულია დაცვით იაროს, ფრანჩესკო ტოტის კინაღამ ცოლი გაშორდა მოტრფიალეთა წერილები რომ ნახა, ლეო მესი შარშან არგენტინაში გადარეულმა ქალებმა გამოიჭირეს და კინაღამ იქვე ქნეს ”საქნელი”. ერთი შეხედვით, კაცს იმაზე მეტი რა უნდა უნდოდეს, როცა მასზე ქალები აბოდებენ, მაგრამ ეს თავიდან... მერე კი, ასეთი პოპულარობაც აღარავის უნდა. თუმცა, ქალებმაც რა ქნან. უყვართ და ძალაა?!...

0.119893