ავტოსპორტი

18:42 | 30.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელს პოულს ვინ წაართმევს

 

საკვალიფიკაციო რბოლის დაწყებამდე, ბიბისის ერთ-ერთ კომენტატორად მომუშავე ედი ჯორდანმა შეგვახსენა, ფეტელს მხოლოდ ორჯერ აქვს ისეთი რბოლა მოგებული, რომელიც პოულიდან არ დაუწყიაო. და თუ პოულის მოგება, გერმანელი მსოფლიო ჩემპიონისთვის გამარჯვების მთავარი წინაპირობაა, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ საქმის თუნდაც მეათედი გაკეთებული აქვს.

თუმცა, შარშანდელი სეზონი ხომ გახსოვთ, პოულებს იგებდა, რბოლებს კი - კარგა ხანს ვერა. მაგრამ ის ფსიქოლოგიური ბარიერი სებმა დიდი ხნის წინ დაძლია და ამ სეზონში გამოკვეთილი ლიდერიც სწორედ ამიტომაა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კვალიფიკაციაზე მოპოვებული უპირატესობის გამოყენება ჰუნგარორინგზე გაცილებით ძნელი იქნება, ვიდრე ოდესმე. და არა იმიტომ, რომ ამ ტრასაზე გასწრება იოლია. არამედ იმიტომ, რომ „პირელის“ საბურავები განსხვავებული ტაქტიკური მონახაზით ასპარეზობის საშუალებას იძლევა და რბოლას ერთგვარ ლატარეადაც აქცევს.

უნდა ითქვას, რომ ფეტელის მექანიკოსებს პარასკევ/შაბათის ღამე გაუთენებიათ, რათა მანქანა ჭკუაზე მოეყვანათ და თავიანთი პილოტისთვის, პოულისთვის ბრძოლის საშუალება მიეცათ. ფეტელს კი რა გაუჭირდებოდა ისეთი, რომ მათი შრომა არ დაეფასებინა. ცოტა გაუჭირდა ლუის ჰამილტონის ჯობნა, მაგრამ მთავარია, რომ აჯობა.

მოკლედ, „რედ ბულ რეისინგმა“ ამ სეზონის 11-დან ყველა კვალიფიკაცია მოიგო. ფეტელისთვის ეს ამ სეზონში მერვე, კარიერაში კი 23-ე პოულია. მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა მისი ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერი.

„თავდაჯერებულობა დამიბრუნდა. ახლა მანქანაში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. რა ტქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა მტელი ღამე თეთრად გაათენეს და მიხარია, რომ მათი შრომა დაფასდა“, - განაცხადა ფეტელმა.

მხოლოდ ორმა პილოტმა - ფეტელმა და ჰამილტონმა შეძლო ჰუნგარორინგის წუთსა და 20 წამზე ნაკლებში გავლა. ამასთან, პირველმა ეს ბრიტანელმა გააკეთა, თუმცა კვალიფიკაციის მესამე, გადამწყვეტი სესიის მეორე ცდაზე, გერმანელმა მას სულ რაღაც, 0.163 წამით აჯობა.

„წავაგე, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ეს შესანიშნავი შედეგია. როგორც ჩანს, მათ (რედ ბულმა) დღეს სიჩქარეს უმატეს“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც სულ რაღაც, 0.046 წამით ჩამორჩა მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი. სხვათა შორის, უნგრული რბოლა ბატონისთვის მეორასე დიდი პრიზია კარიერაში.

„ფერარიში“ კი სტატუს ქვო დაირღვა - ფელიპე მასამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ჩამოიტოვა. მათ შორის განსხვავება მხოლოდ 0.015 წამი იყო. აღსანიშნავია, რომ პარასკევს ალონსოს 30 წელი შეუსრულდა.

უნგრეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:19.815

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:19.978

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:20.024

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                         1:20.350

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:20.365

6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   1:20.474

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:21.098

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1:21.445

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:21.907

10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                       დროის გარეშე

- - - - - - - - - -

11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:22.256

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                       1:22.284

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                     1:22.435

14. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                        1:22.470

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:22.684

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:22.979

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    დროის გარეშე

- - - - - - - - - -

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:24.070

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)               1:24.362

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                       1:24.534

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                        1:26.294

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)               1:26.323

23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:26.479

24. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:26.510

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093082