ფორმულა 1-ის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ 3 ეტაპი დარჩა, მაგრამ ეტყობა, საჩემპიონო რბოლას უკვე გამოეთიშა ”მაკლარენის” ორივე პილოტი - იაპონიის დიდი პრიზის შემდეგ, ლუის ჰამილტონი, ვინც სულ ერთი თვის წინათ, ჩემპიონატის ლიდერი იყო, 28 ქულას აგებს ახლანდელ ლიდერთან, ავსტრალიელ მარკ უებერთან. ჰამილტონის თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი კი, უფრო უკანაა.
იაპონიის სუზუკას ტრასაზე ”რედ ბულის” პილოტები - გერმანელი სებასტიან ფეტელი და უებერი დომინირებდნენ. მათ პრაქტიკებზეც, კვალიფიკაციასა და რბოლაშიც, პირველი 2 ადგილი არავის დაუთმეს. ამასთან, ყველა შემთხვევაში, ოდნავ უკეთესი გერმანელი პილოტი იყო, რომელმაც იაპონური რბოლა ზედიზედ მეორედ მოიგო.
კვალიფიკაცია, კოკისპირული წვიმის გამო, შაბათიდან, კვირას დილით ჩატარდა. რბოლის ორგანიზატორებს ძალიან გაუმართლათ, რომ კვირას დილიდანვე გამოიდარა და კვალიფიკაციაცა და დიდი პრიზის რბოლაც მზიან ამინდში ჩატარდა. კვალიფიკაციაზე მე-4 შედეგი პოლონელ რობერტ კუბიცას ჰქონდა, ვინც ორივე პრაქტიკაზე მე-3 იყო. და თითქოს, მას ამ სეზონში საუკეთესო რბოლაც უნდა ჰქონოდა, მითუმეტეს (ჰამილტონის ჯარიმის გამო), სტარტი მე-3 პოზიციიდან აიღო, მწვანე ნიშანზე კი, უებერს გაუარა და ფეტელს კვალში ჩაუდგა, მაგრამ მე-3 წრეზე მისმა იღბალმა ლიმიტი ამოწურა - კუბიცას მანქანას მარჯვენა უკანა ბორბალი მოსძვრა და პოლონელისთვის რბოლა ტრასის მიღმა დასრულდა...
ჰამილტონისთვის კი უიღბლობის მარაგი თურმე ამოწურული არ ყოფილა. პირველივე თავისუფალ პრაქტიკაზე რომ მანქანა დაამტვრია, იმ ავარიაში, როგორც ჩანს, გადაცემათა კოლოფიც დაუზიანდა. მართალია, მე-2 პრაქტიკისთვის მანქანის მომზადება მოესწრო, მაგრამ გუნდს ზოგიერთი ახალი ნაწილის სათადარიგო კომპლექტი ადგილზე არ აღმოაჩნდა, რისთვისაც სასწრაფოდ ინგლისში წარმომადგენელი გაიგზავნა. მოკლედ, ”მაკლარენს” რბოლის წინ უძილო ღამე ჰქონდა, რისი შედეგიც ის იყო, რომ ჰამილტონმა კვალიფიკაცია მე-3 ადგილზე დაასრულა, თუმცა იმის გამო, რომ კოლოფი ვადაზე ადრე შეუცვალეს, სტარტზე 5 ადგილით უკან დადგა.
სუზუკას ტრასა ძალიან საინტერესო და რთულია, მაგრამ ლიდერებს შორის მხოლოდ პოზიციური ბრძოლა გაიმართა. ჯენსონ ბატონმა მცდარი ტაქტიკა აირჩია - რბოლა ხისტი საბურავებით დაიწყო და თითქოს, რბოლის მიწურულს მათი შეცვლით, გარკვეული უპირატესობა უნდა მიეღო, მაგრამ ასე არ მოხდა. პიტ-სტოპიდან ტრასაზე დაბრუნებულს, წინ ჰამილტონი დაუხვდა, თუმცა ამას მალე კოლოფში მე-3 საფეხური დაუზიანდა, რის გამოც, მაღალი ტემპი ვერ შეინარჩუნა და წინ თანაგუნდელი გაატარა. გვიანმა პიტ-სტოპმა ბატონს მხოლოდ ის მისცა, რომ შუა რბოლაში, რამდენიმე წრის განმავლობაში, ლიდერი იყო.
რაც შეეხება ფერნანდო ალონსოს, მან რბოლა მე-3 ადგილზე ისე დაასრულა, წინ არც არავინ გაუშვია და თავადაც არავისთვის გაუსწრია. სტარტიდან ფინიშამდე კი ”რედ ბულებს” კვალში ედგა, თუმცა, მათზე იერიშის მიტანის შანსი ერთხელაც არ მისცემია.
ფეტელმა კი მე-2 ისეთი რბოლა მოიგო, რომელიც პოულ-პოზიციიდან დაიწყო. სულ კი ამ სეზონში ეს მისი მე-3, კარიერაში კი მე-8 გამარჯვებაა. სხვათა შორის, განვლილ 16 ეტაპიდან, ფეტელმა რვის პოულის მოპოვება შეძლო, თუმცა აქედან მხოლოდ ორ შემთხვევაში გაიმარჯვა, ერთი გამარჯვება კი სხვისი პოულისას იზეიმა.
”ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, ეს პირველი დიდი პრიზია, რომელიც ორჯერ მოვიგე. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, ამ ტრასაზე განსაკუთრებით შეყვარებული ვარ”, - განაცხადა ფეტელმა, ვინც მე-3 პილოტია, რომელმაც სუზუკაზე ზედიზედ ორ სეზონში იზეიმა გამარჯვება. აქამდე, ეს მიღწევა მხოლოდ მიკა ჰაკინენს და მიხაელ შუმახერს ჰქონდათ. სხვათა შორის, შუმახერს იაპონიის 6 დიდი პრიზი აქვს მოპოვებული.
თავისი მე-2 ადგილით, უებერიც კმაყოფილი დარჩა. რატომაც არა, მან ხომ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა - თუ იაპონიამდე, უახლოეს მდევარ ალონსოს 11 ქულას უგებდა, ახლა იმავე ალონსოსთან და ფეტელთან 14 ქულა აშორებს.
”რედ ბულმა” კი კონსტრუქტორთა პირველობაზე განიმტკიცა ლიდერობა. გუნდმა ამ სეზონში მე-3 დუბლი შეასრულა, რითაც 426 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარ ”მაკლარენს” 45 ქულით სჯობნის. ”ფერარი” კი ლიდერს 92 ქულით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ რბოლის სტარტი ინციდენტებით მდიდარი აღმოჩნდა. ჯერ რუსმა ვიტალი პეტროვმა სტარტზევე დაკარგა კონტროლი და გერმანელ ნიკო ჰულკენბერგთან დაჯახების შემდეგ კედელსაც დაეჯახა. პირველ მოსახვევში კი, ფელიპე მასა და ვიტანტონიო ლიუცი დაეჯახნენ ერთმანეთს და თან ლუკას დი გრასიც გაიყოლეს...
აღსანიშნავია ”მერსედესის” პილოტების - მიხაელ შუმახერისა და ნიკო როსბერგის ბრძოლაც. საბოლოოდ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა რისკიანი მანევრით გაუარა თანამემამულეს და რბოლა მეექვსემ დაასრულა. შესანიშნავად იასპარეზა იაპონელმა კამუი კობაიაშიმ, ვინც სტარტი მე-14 ადგილიდან აიღო, თუმცა, რამდენიმე რისკიანი და კონტაქტური გასწრება მოახერხა და საბოლოოდ, მე-7 ადგილს დასჯერდა. მასთან ერთად, ქულებში დაასრულა ასპარეზობა მისმა ახალმა თანაგუნდელმა ნიკ ჰაიდფელდმა, ორივემ ერთად კი, ”ზაუბერს” წყვილად პირველად მოუპოვეს ქულები.
იაპონიის დიდი პრიზი
სუზუკა. წრის სიგრძე 5.807 კმ, 53 წრე, დისტანცია 307.471 კმ
| 1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) | 1:30:27.323 |
| 2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) | +00:00.905 |
| 3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 00:02.721 |
| 4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 00:13.522 |
| 5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 00:39.595 |
| 6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 00:59.933 |
| 7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 01:04.038 |
| 8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) | 01:09.648 |
| 9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) | 01:10.846 |
| 10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 01:12.806 |
| 11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 1 წრე |
| 12. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) | 1 წრე |
| 13. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) | 2 წრე |
| 14. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 2 წრე |
| 15. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) | 2 წრე |
| 16. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) | 3 წრე |
| 17. გ.ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) | 6 წრე |
| გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) | 9 წრე |
| გ. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) | 51 წრე |
| გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) | 53 წრე |
| გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) | 53 წრე |
| გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) | 53 წრე |
| გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) | 53 წრე |
| გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | 53 წრე |
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:33.474, 53-ე წრე
პილოტების კლასიფიკაცია
1. მარკ უებერი - 220 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 206; 3. სებასტიან ფეტელი - 206; 4. ლუის ჰამილტონი - 192; 5. ჯენსონ ბატონი - 189; 6. ფელიპე მასა - 128; 7. ნიკო როსბერგი - 122; 8. რობერტ კუბიცა - 114; 9. მიხაელ შუმახერი - 54; 10. ადრიან სუტილი - 47; 11. რუბენს ბარიკელო - 41; 12. კამუი კობაიაში - 27; 13. ვიტალი პეტროვი - 19; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 17; 15. ვიტანტონიო ლიუცი - 13; 16. სებასტიან ბუემი - 8; 17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) - 6; 18. ნიკ ჰაიდფელდი - 4; 19. ხაიმე ალგერსუარი - 3
კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 426 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 381; 3. ფერარი - 334; 4. მერსედესი - 176; 5. რენო - 133; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 60; 7. უილიამს-კოსუორტი - 58; 8. ზაუბერ-ფერარი - 37; 9. ტორო როსო-ფერარი - 11
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







