”რედ ბულ რეისინგის” გერმანელი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომლის სტარტზეც, მას გვერდს ავსტრალიელი თანაგუნდელი, მარკ უებერი დაუმშვენებს. ამგვარად ეს, ფეტელისთვის მიმდინარე სეზონში მოპოვებული მეხუთე პოულია (ათ კვალიფიკაციაში), რომელთაგან მხოლოდ ერთი მიიყვანა გამარჯვებამდე და ეს ერთი, წინა ეტაპი - ევროპის დიდი პრიზი იყო.
სხვათა შორის, ფეტელმა ბრიტანული ეტაპის კვალიფიკაცია შარშანაც მოიგო და ის პოული რბოლაში გამარჯვებადაც აქცია. თუმცა ამჯერად, მას გაცილებით ძლიერი კონკურენტები ეყოლება არამარტო ბრიტანელი ლუის ჰამილტონის, არამედ, ესპანელი ფერნანდო ალონსოს სახითაც, ვინც მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ”ფერარის” აშკარა პროგრესი აქვს.
”ვიმედოვნებ, რომ შარშანდელი მიღწევის გამეორებას შევძლებ. ეს ჩემთვის საშინაო რბოლა არაა, თუმცა თავს მაინც შინ ვგრძნობ, რადგან ჩემი გუნდის შტაბ-ბინა და ფაბრიკა, აქვე ახლოს მდებარეობს. მანქანა აშკარად კარგად მუშაობს და ჩვენ გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს”, - რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა 23 წლის ფეტელმა, ვინც ზედიზედ მეორე პოული მოიგო და ამით, ნამდვილად არ ასიამოვნა უებერს, ვინც ესღა ამოღერღა - ვფიქრობ, ჩვენი შედეგით გუნდი კმაყოფილიაო.
ხელმოცარული დარჩა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი, ვინც მეორე საკვალიფიკაციო ბარიერის გავლაც ვერ შეძლო და საბოლოოდ, მე-14 სასტარტო ადგილს დასჯერდა. ათი წელია, რაც ბატონი ფორმულა 1-ში გამოდის და ბრიტანული რბოლის შემდეგ, კვარცხლბეკზე ერთხელაც არ ასულა.
სხვათა შორის, პირველი ორი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, ”მაკლარენმა” მანქანიდან თავისი მთავარი სიახლე - ”ჩასაბერი დიფუზორი” მოხსნა და ის იმ კონფიგურაციით დატოვა, როგორიც ვალენსიას რბოლისას ჰქონდა. ამან, მესამე პრაქტიკაზე საქმეს კი უშველა, მაგრამ კვალიფიკაციაზე ყველაფერი აირია. ყოველ შემთხვევაში, ბატონი ჩიოდა, მანქანა ძალიან ძნელი სამართავი იყოო.
რაც შეეხება ალონსოს, ის, ყველაზე მეტად, კმაყოფილი იმ ფაქტმა დატოვა, რომ ჰამილტონს აჯობა. ჟურნალისტებს კი განუცხადა, რომ მისი ეს შედეგი, მანქანის აშკარა პროგრესის შედეგია.
დაბოლოს, ისევ ხელი მოეცარა მიხაელ შუმახერს, რომელმაც კვალიფიკაციის მესამე, ძირითად სეგმენტში ბოლო, მეათე ადგილი დაიკავა. რაც მთავარია, მას კვლავ აჯობა ახალგაზრდა თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა, რომელიც მეხუთე შედეგს დასჯერდა.
სამაგიეროდ, კვლავ კარგი შედგი აქვს ”ზაუბერს”, რომლის ესპანელმა პილოტმა პედრო დე ლა როსამ მეცხრე დრო აჩვენა. შეგახსენებთ, რომ ვალენსიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ”ზაუბერის” იაპონელმა პილოტმა კამუი კობაიაშიმ, რომელიც ამჯერად, მხოლოდ მე-12 დროს დასჯერდა.
ბრიტანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაციის შედეგები
| 1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) | 1:29.615 |
| 2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) | 1:29.758 |
| 3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 1:30.426 |
| 4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:30 .556 |
| 5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) | 1:30.625 |
| 6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) | 1:31.040 |
| 7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) | 1:31.172 |
| 8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) | 1:31.175 |
| 9. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) | 1:31.274 |
| 10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 1:31.430 |
| 11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) | 1:31.399 |
| 12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 1:31.421 |
| 13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) | 1:31.635 |
| 14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:31.699 |
| 15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) | 1:31.708 |
| 16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) | 1:31.796 |
| 17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 1:32.012 |
| 18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 1:32.430 |
| 19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) | 1:34.405 |
| 20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 1:34.775 |
| 21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) | 1:34.864 |
| 22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | 1:35.212 |
| 23. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) | 1:36.576 |
| 24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) | 1:36.968 |
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







