სებასტიან ფეტელმა გასულ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა კი დათმო, მაგრამ სამაგიეროდ, ჟურნალ ”ავტოსპორტის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ფორმულა 1-ის გუნდების ხელმძღვანელებმა, ის წლის საუკეთესო ავტომრბოლად დაასახელეს.
ქულათა დარიცხვა ამ კონკურსშიც ისეთივეა, როგორიც ფორმულა 1-ის რბოლებში: 10-8-6-5-4-3-2-1. თითოეულ გამოკითხულს რვა საუკეთესოს დასახელების საშუალება ჰქონდა. გამოკითხვის შეჯამების შემდეგ, ფეტელს ყველაზე მეტი - 76 ქულა აღმოაჩნდა და მან 9 ქულით აჯობა მსოფლიოს ახალ ჩემპიონ ჯენსონ ბატონს. მესამეზე, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ლუის ჰამილტონი გავიდა, ვინც ბატონს ორი ქულით ჩამორჩა.
რა თქმა უნდა, ფეტელი ნასიამოვნები დარჩა გუნდების ხელმძღვანელთა შეფასებებით, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ გამოკითხვაა და ყველაზე მნიშვნელოვანი, ტრასაზე პირველობაა.
”ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი შესანიშნავი სეზონის შემდეგ, რომლის დროსაც ბევრი აღმასვლა და ჩავარდნა გვქონდა, საუკეთესოდ მაღიარეს. მაგრამ ეს ხმები ვერაფრით დამეხმარება იმაში, რომ მომავალ სეზონში, ტრასაზე მსოფლიოს უსწრაფესი გავხდე. ისევე როგორც წელს, ახალ სეზონშიც ბევრი რამ მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული და არა იმაზე, თუ რას ფიქრობენ ჩემზე სხვები”, - განაცხადა “ავტოსპორტთან” საუბრისას ფეტელმა.
რა თქმა უნდა, ფეტელის აღიარება ”რედ ბულის” შეფ კრისტიან ჰორნერსაც ძლიერ ესიამოვნა: ”სებასტიანმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მჯერა, მას აქვს ყველა მონაცემი იმისა, რომ მომავალში მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს. ხშირად გვავიწყდება, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ამის მიზეზი კი მისი პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობაა. მას მანქანასთან და ინჟინრებთან მუშაობა შეუძლია, შესანიშნავად ესმის ტექნიკა. ძალიან კარგია, რომ მისი ნიჭი ასე დაფასდა. ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ”.
ჟურნალ ”ავტოსპორტის” პირველი ათეული
1. სებასტიან ფეტელი 76
2. ჯენსონ ბატონი 67
3. ლუის ჰამილტონი 65
4. ფერნანდო ალონსო 39
5. რუბენს ბარიკელო 35
6-7. კიმი რაიკონენი 30
6-7. მარკ უებერი 30
8. ფელიპე მასა 19
9. რობერტ კუბიცა 10
10. ადრიან სუტილი 8
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







