ცნობილია, რომ ფორმულა 1-ის ახალ ჩემპიონ სებასტიან ფეტელს მენეჯერი არ ჰყავს და საქმეებს თავადვე აგვარებს. საერთოდ, პილოტების კონტრაქტებზე და სხვადასხვა საკითხებზე მათი მენეჯერები ზრუნავენ, გერმანელი პილოტი თვლის, რომ ეს საქმე მას ძალიან კარგად გამოსდის და სხვისი დახმარება არ სჭირდება.
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ფეტელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განცხადა, რომ ”ფერარიში” ან ”მაკლარენში” გადასვლა ამ ეტაპზე, მის გეგმებში არ შედის. თუმცა, ”რედ ბულის” საჯინიბოს მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა და მისმა მარჯვენა ხელმა მოტორ სპორტის საქმეებში, ჰელმუტ მარკომ განაცხადეს, რომ ფეტელს დიდი სურვილი აქვს, ოდესმე ”ფერარიში” იასპარეზოს.
”სებს სურს, რომ ოდსმე ”ფერარის” მანქანით იასპარეზოს. რა თქმა უნდა, მის შენარჩუნებას ვეცდებით და ამ სურვილის შესრულებაში ხელს შევუშლით, მაგრამ საბოლოოდ ეს მაინც მისი გადასაწყვეტია”, - ამბობს მატეშიცი. მარკო კი დასძენს, რომ ფეტელისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ისეთ გუნდში იყოს, რომელიც ძნელბედობაში გვერდით დაუდგება.
”ყველამ კარგად ვიცით, რომ ”ფერარიში” პოლიტიკური დინებები ბევრ რამეს წყვეტს. ჩვენთან კი მისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი და ეს ფაქტორი ყოველთვის იქნება. მას ისეთი გუნდი ესაჭიროება, რომელიც გაჭირვებისას ზურგში დანას არ ჩაარტყამს”, - ამბობს მარკო.
ფეტელის კონტრაქტი ”რედ ბულ რეისინგთან” მომავალი სეზონის ბოლოს მთავრდება, თუმცა, გუნდს მისი ერთი სეზონით გაგრძელების ოპცია ეკუთვნის. მაგრამ მარკო ამბობს, რომ ავსტრიულ საჯინიბოს თავისი ახალგაზრდა ჩემპიონის უფრო დიდი ხნით დატოვების სურვილი აქვს და მას მრავალწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
”გულახდილად ვიტყვი: ეს ვერ იქნება ათწლიანი კონტრაქტი, რადგან ჩვენ მას იმის გარანტიას ვერ მივცემთ, რომ ასე დიდხანს საჩემპიონო მანქანა გვექნება. და ვერც იმას ვიტყვი, რომ ის ჩვენთან თავს ყოველთვის კომფორტულად იგრძნობს. თუმცა, საშუალო ვადაში, ანუ უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში, ჩვენ მის შენარჩუნებას ვაპირებთ”, - დასძენს მარკო.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ







