ავტოსპორტი

2:33 | 11.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი ჩემპიონთა კედელს ჩაეხუტა

კანადური ეტაპის ჯერიც დადგა, ეტაპისა, რომლის შემდეგაც, თუ კიდევ რამე არ შეიცვალა, ჩასაბერი დიფუზორების გამოყენება აიკრძალება. და მერე რა იქნება, არავინ იცის. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ამ ელემენტის გაუქმებით, „რედ ბულ რეისინგის“ მანქანები წრეზე 0.8 წამს დაკარგავენ. ამით, კონკურენცია გამძაფრდება და იქნებ ჩემპიონატიც უფრო საინტერესო გახდეს.

მოკლედ, სებასტიან ფეტელის ლიდერის პოზიცია საკმაოდ მყარად მოსჩანს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონმა თადარიგი ახლავე უნდა დაიჭიროს იმისათვის, რომ სეზონის დარჩენილ რბოლებში, ეს ლიდერობა შეინარჩუნოს. მეორე მხრივ, მის მეტოქეს - ლუსი ჰამილტონს მონრეალის რბოლა ორჯერ (2007 და 2010 წლებში) აქვს მოგებული...

პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების მიხედვით ვერაფერზე ვერ ვიმსჯელებთ. არც ის ნიშნავს რამეს, რომ პირველ პრაქტიკაზე უსწრაფესი ნიკო როსბერგი იყო და არც ის, რომ ყველას ფერნანდო ალონსომ აჯობა. სამაგიეროდ, იმის აღნიშვნა ღირს, რომ პირველ სესიაზე, ფეტელი ეგრეთ წოდებულ ჩემპიონთა კედელს დაეჯახა.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ ეს კედელი ბოლო შიკეინის გამოსასვლელში, სტარტ-ფინიშის დასაწყისშია და მისი გვერდის ავლა იმდენად რთულია, რომ ძნელი გასახსენებელია ჩემპიონი, ვისაც მასზე თავისი ბოლიდი არ მიუმსხვრევია. საბედნიეროდ, იქ სიჩქარე იმდენად მაღალი არაა, რომ ამან პილოტებს რამე ავნოს. თანაც, როგორც წესი, მანქანა კედელს გვერდულად, მოძრაობის მიმართულების გასწვრივ ეჯახება, რაც დარტყმის ძალას ასუსტებს. ფეტელიც უვნებელი გადარჩა, თუმცა, მანქანა გვარიანად დააზიანა, სესია კი გასაჩერებელი გახდა.

როგორც თავადვე განმარტა, ის კერბზე ავარდა, შემდეგ ტრასაზე გასრიალდა და საჭეც ამიტომ ვერ დაიმორჩილა. სხვათა შორის, ავარიამდე, მის მანქანაზე მუხრუჭები გაჭირვეულდა. მოკლედ, ჩემპიონისთვის კანადური ეტაპი ნავსიანად დაიწყო. სესიაზე ის აღარ გამოსულა და მაყურებლის რანგში უყურა როსბერგის გაჯეჯილებას.

გერმანელმა შესანიშნავი დრო დააფიქსირა - წუთი და 15.591 წამი და ნახევარ წამზე მეტით აჯობა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ალონსოს. რაც მთავარია, თითქმის წამით ჩამოიტოვა თავისი ტიტულოვანი თანაგუნდელი - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომელსაც კანადური რბოლა შვიდჯერ(!) აქვს მოგებული.

სხვათა შორის, პირველი სესია მეტწილად ბოქსებში გაატარა ჰამილტონმაც, რომელსაც თავის კარიერაში პირველი დიდი პრიზი სწორედ ამ ტრასაზე აქვს მოგებული. მის მანქანაზეც საჭის ღერძი დაზიანდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან მაინც მეექვსე შედეგი აჩვენა.

ორი სესიის ჯამში, სწრაფის გარდა, ყველაზე სტაბილურიც ალონსო გამოდგა, რომელსაც სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის შემდეგ, პოულ პოზიცია ვერაფრით მოუპოვებია. მეორე სესიაზე, მან პირველზე დაფიქსირებული თავისივე დრო თითქმის წამით გააუმჯობესა.

ავარიების გამო, მეორე სესიაც რამდენჯერმე შეწყდა. მანქანები იაპონელმა კამუი კობაიაშიმ, ბელგიელმა ჟერომ დ’ამბროზიომ და გერმანელმა ადრიან სუტილმა დაამტვრიეს.

 

კანადის დიდი პრიზი

თავისუფალი პრაქტიკები

პირველი სესია

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:15.591

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:16.139

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:16.549

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:16.658

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:16.676

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:16.842

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)                        1:16.990

8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:17.294

9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                            1:17.445

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)        1:17.549

11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:17.662

12. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                  1:17.820

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:18.458

14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:18.506

15. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:18.648

16. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)          1:18.852

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:18.932

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                                    1:19.274

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:19.422

20. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:19.577

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:19.838

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:19.960

23. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:20.520

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:20.839

 

მეორე სესია

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:15.107

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:15.476

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:15.601

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი,მაკლარენი)          1:15.977

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:15.989

6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:16.089

7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:16.102

8. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                           1:16.324

9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                            1:16.422

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:16.687

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)                        1:16.905

12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:16.941

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:17.051

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:17.684

15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:17.757

16. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                                    1:18.470

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:18.482

18. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი)                        1:18.536

19. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:18.601

20. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:19.209

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:19.810

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:20.284

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:20.311

24. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:20.922

 

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099979