ფეხბურთი

14:01 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო იერო: “კასილასთან დაკავშირებული სიტუაცია დროულად უნდა ჩაეცხროთ”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა ფერნანდო იერომ, სატელევიზიო არხ Cadena Cope-ს გადაცემა El Partido de las 12-ში, გუნდის კარის დარაჯ იკერ კასილასს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინიო პერესი გააკრიტიკა.

ვეტერანი მიიჩნევს, რომ კონფლიქტური სიტუაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა ამოწურულიყო. იერომ პოსტიდან მოურინიოს გადადგომაზე და კლუბის სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა.

-       რა გვეტყოდით კასილასისა და მოურინიოს კონფლიქტზე?

-       ეს კრიზისი, რომელიც ბოლო წლებში “რეალისთვის” ალბათ ყველაზე სერიოზული იყო, მალევე დარეგულირდებოდა, თუკი გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც კასილასსა და მოურინიოს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას ხელს შეუწყობდა. ისე გამოვიდა, რომ იკერთან დაკავშირებულ სიტუაციას კლუბში ყურადღება არავინ მიაქცია. საქმე ის სულაც არაა, ითამაშებდა თუ არა კასილასი. სპორტულმა მხარემ კი არ შექმნა დაძაბულობა, არამედ იმ განუკითხაობამ, რომელიც გუნდის კაპიტნისა და საკულტო ფიგურის მიმართ იქნა გამოჩენილი.

-       მოურინიოს გუნდიდან წასვლის რეალური მიზეზი რაა?

-       ის შესამჩნევი ფიგურა იყო “რეალის” ბოლო წლების ისტორიაში და როდესაც ამ კლუბზე ვისაუბრებთ, მოურინიოს გვერდს ვერასდროს ავუვლით. ვფიქრობ, მას მობეზრდა ამდენი ვერმოგება. ჟოზეს კლუბის მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდა და შესაძლოა, ისეთი ძალაუფლებაც, როგორიც “სამეფო კლუბის” მწვრთნელებს აქამდე არასდროს ჰქონიათ. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის “დესიმა” მას მაინც არ “დაემორჩილა”. ვფიქრობ, “რეალის” ისტორიაში მისი ადგილი “ბარსელონასთან” რამდენიმე წარმატებული თამაშით გარანტირებული იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა ჩვენი გუნდისთვის ყოველდღიურობაა, რომლის ქვევითაც არ უნდა დავეშვათ და ეს “რეალისთვის” გამორჩეული შედეგი არაა.

-       “რეალის” მომავალს ოპტიმისტურად უმზერთ?

-       ძალიან მომწონს ისკო, რომელიც “მალაგის” დონისთვის აშკარად გადაზრდილია. ხესე როდრიგესი და ალვარო მორატა მაღალი საფეხბურთო ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელები არიან და ვფიქრობ, ორიოდე წლის შემდეგ, მათ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების რეალური შანსი ექნებათ. მიხარია, რომ სპორტული დირექტორი ზინედინ ზიდანი უნდა გახდეს. ის პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და სერიოზული ადამიანია, რომელმაც ამ ყველაფრის გარდა კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს მადრიდის “რეალი”.

0.131567