“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო, გუნდს, სავარაუდოდ, მომდევნო 3-4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამ ინფორმაციას “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ავრცელებს.
“ფერნანდინიოს კუნთის ტრავმა აქვს. მას სამედიცინო შემოწმება ხვალ ჩაუტარდება. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელი 3-4 კვირას გამოტოვებს.” – განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.
თუ პელეგრინის ვარაუდი გამართლდა, 28 წლის ფეხბურთელი “ჩელსისთან” თასზე, “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე პრემიერლიგის 3 შეხვედრაში ვერ ითამაშებს.
ფერნანდინიო “მანჩესტერ სიტიში” გასულ ზაფხულში გადავიდა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მან 20 თამაში ჩაატარა. მასზე ხშირად მოედანზე მხოლოდ იაია ტურე გამოდიოდა.