ფეხბურთი

20:13 | 16.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, “ჩელსისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, მსაჯის გაკრიტიკებისთვის, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. გარდა ამისა, შოტლანდიელ სპეციალისტს 30 ათასი ფუნტის გადახდაც მოუწევს.
“ჩელსისთან” წაგებული მატჩის შემდეგ, ფერგიუსონმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “თქვენ გჭირდებათ სამართლიანი, ან საკუთარ თავში დარწმუნებული არბიტრი, მაგრამ ასეთი არ გყავთ”. ამ კომენტარის გაკეთებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ფერგიუსონის საქმეს შეისწავლიდა. თავად შოტლანდიელი სპეციალისტი, მთელი ამ დროის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი უთქვამს და იგი თავისი უფლებების დასაცავად იბრძოლებდა.
სასჯელი ასეთი მკაცრი იმიტომაა, რომ ატკინსონის გაკრიტიკებისთვის მიღებულ დისკვალიფიკაციას დაემატა გასულ სეზონში, ასევე მსაჯის კრიტიკისთვის მიღებული 2-მატჩიანი პირობითი სასჯელი.
Sky Sports-ის ცნობით, დისკვალიფიკაცია გავრცელდება როგორც პრემიერლიგის, ასევე თასის თამაშებზე. სასჯელი ძალაში 22 მარტს შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს შაბათს, “ბოლტონთან” გასამართ შეხვედრაში, “მანჩესტერს” ფერგიუსონი აუძღვება.
შოტლანდიელ სპეციალისტს, პრემიერლიგაში “ვესტ ჰემთან”, “ფულემთან” და “ევერტოთან”, ხოლო ასოციაციის თასის 1/2-ფინალში, “მანჩესტერ სიტისთან” მოუწევს თამაშების ტრიბუნებიდან ყურება. ჯერ კიდევ გასარკვევია ის მე-5 მატჩი, რომელსაც ფერგიუსონი გამოტოვებს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება “ნიუკასლთან” გასამართი დაპირისპირება, რომელიც სათასო შეხვედრის გამო, 16 აპრილს ვერ ტარდება. თუ “წითელი ეშმაკები” “კაჭკაჭებს” პირველ მაისამდე დაუპირისპირდნენ, მაშინ ფერგიუსონი ამ შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო თუ მატჩი ამ თარიღის შემდეგ შედგება, მაშინ შოტლანდიელს ლონდონის “არსენალთან” მატჩის გაცდენა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170501