ავტოსპორტი

16:55 | 5.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ სეზონის დასაწყისში კვარცხლბეკის იმედი არ აქვს

„ფერარის“ ტექნიკური დირექტორი პეტ ფრაი აღიარებს, რომ ამ ეტაპზე, მისი გუნდი სათანადოდ არაა მზად იმისათვის, რომ ავსტრალიი დიდი პრიზის კვარცხლბეკზე დაიკავოს ადგილი. წინასასეზონო ტესტების დროს, ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა ვერაფრით ახერხებდნენ კარგი შედეგების სტაბილურად ჩვენებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, სეზონისთვის მზადების პროცესში, გუნდი სწორი მიმართულებით არ ვითარდებოდა.

ამასთან, ფრაი აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ის ზედმეტად პესიმისტია ხოლმე და შესაძლოა, მელბურნში სულ სხვა სურათი ვიხილოთ. ფრაი დასძენს, რომ მანქანის საბაზისო კონსტრუქციას დიდი პოტენციალი გააჩნია. თუმცა, ტესტების დროს, კონსტრუქციაში შეტანილმა ცვლილებებმა სასურველი შედეგი ჯერ ვერ გამოიღო.

„ჯერჯერობით, მანქანის შესაძლებლობებით გაწბილებული ვარ. ფაქტია, რომ ბევრი შრომა მოგვიწევს. ბოლო ტესტების წინ, გამოსაბოლქვ მილს ადგილი შევუცვალეთ, მაგრამ ამან უკან დაგვწია. ახლა მისი ოპტიმიზებით ვართ დაკავებული. სეზონის დაწყებამდე, ბევრი რამ უნდა მოვასწროთ და მელბურნში ამ შრომის შედეგებს გამოვცდით. მაგრამ რას მივიღებთ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - ამბობს ფრაი.

მას ჯერ უჭირს იმის თქმა, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება „ფერარი“ სხვებთან შედარებით, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე ლიდერებს კონკურენციას ვერ გაუწევს.

„ტესტების შედეგების მიხედვით, ამაზე მსჯელობა ყოველთვის ძნელია. ვიცით, წინა სეზონებში ვის რისი უნარი ჰქონდა. და თუ მათ შესამჩნევად მოუმატეს, ეს თავსატკივარს გაგვიჩენს. ვნახოთ, ფაქტია, რომ ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს“, - დასძენს ფრაი.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090189