ჩოგბურთი

13:12 | 23.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერს ვერდასკოს დასამარცხებლად სამი სეტი დასჭირდა


მსოფლიოს მეჩოგნეთბაშ როჯერ ფედერერს ლონდონის რვაკაცა ტურნირზე თავის პირველ შეხვედრაში ფერნანდო ვერდასკოს (#7) დასამარცხებლად სამი სეტი დასჭირდა.
28 წლის შვეიცარიელმა, რომელიც წლის შემაჯამებელი ტურნირის ოთხგზის (2003-04, 2006-07 წლების) გამარჯვებული და 2005 წლის ფინალისტია, 2 წლით უმცროსსა და რეიტინგსიაში 7 ადგილით ქვემდგომ ცაცია ესპანელს საათსა და 59 წუთში, 4:6 7:5 6:1 აჯობა.
ეს მათი მეოთხე დაპირისპირება გახლდათ და როჯერს რვაკაცას დებიუტანტ ვერდასკოსთვის აქამდე ერთი სეტიც არ დაეთმო. ამჯერად კი მას მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა. მან მატჩი უხალისოდ დაიწყო და მეტოქეს თავისი პირველივე გეიმი გაატეხინა. პირველ სეტში მან დაკარგულის ანაზღაურება ეგრეც ვეღარ შეძლო – ვერც ვერდასკოს ბასრ მოწოდებას აუღო ალღო და თავადაც ბევრ შეცდომას უშვებდა.
თამაშის ეშხში შვეიცარიელი მაესტრო მხოლოდ მეორე სეტის ბოლოსკენ შევიდა, როცა ტემპს უმატა და შეტევაზე გადავიდა. ვერდასკომ მის მიძალებას ვეღარ გაუძლო და სეტის მე-12 გეიმში გატყდა. გადამწყვეტ სეტში კი უკვე ყველაფერი თავის ადგილას დადგა – როჯერს მატჩისთვის ამოდებული ლაგამი ბოლომდე აღარ მოუბოშებია, ხოლო ესპანელი უკვე რწმენადაკარგული ჩანდა.
ვერდასკოს ძლევით ფედერერმა წლეულს 10 მარცხის წილ მე-60 გამარჯვება მიითვალა და მეოთხე მეჩოგნე გახდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის (76), ბრიტანელი ენდი მარეისა (65) და ესპანელი რაფაელ ნადალის (64) შემდეგ, ვინაც ამ სეზონში 60-მოგებიან თამასას შესწვდა.
საკუთრივ რვაკაცაზე კი მან 5 მარცხის წილ უკვე 28-ე გამარჯვება მოინაგრა, რაც საერთოდაც დიდოსტატური მაჩვენებელია.
სხვათა შორის, ვერდასკოსთან მოგებამ მას თავის სარეიტინგო ქულათა მარაგი 200 ერთეულით გააზრდევინა და ამ მომენტში მას და მის უახლოეს მდევარს, ნადალს, შორის განსხვავება 1145 ქულას შეადგენს. შეგახსენებთ, იმ მეჩოგნეს, რომელიც ლონდონის ტურნირს დაუმარცხებლად მოიგებს, ანგარიშზე 1500 ქულა დაერიცხება. ანუ, ნადალს ჯერ კიდევ რჩება შანსი, რომ წლის ბოლოს ფედერერს სეფეჩოგანი ჩამოართვას, თუმცა ეს შანსი ზუსტად 200 ქულით შემცირდა...
ფედერერი ჯგუფში თავის მეორე შეხვედრას სამშაბათს გამართავს – მისი მეტოქე მარეი (#4) იქნება, ვინაც მასთან პირად დაპირისპირებაში 6:3 უპირატესობს. ვერდასკო კი მარეის მიერ კვირას ძლეულ არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს (#5) შეხვდება.
მეორე – ბან – ჯგუფში ასპარეზობა ორშაბათს დაიწყება: ნადალი (#2) შვედ რობინ სოდერლინგთან (#8) იპაექრებს, ხოლო ჯოკოვიჩი რუს ნიკალაი დავიდენკოსთან (#6).

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088808