ჩოგბურთი

15:00 | 30.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერს სერას დასაჯაბნად დიდი შრომა დასჭირდა


კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის პირველადგილოსან როჯერ ფედერერს მაიამის მასტერსტურნირის მესამე წრეში ფრანგი ფლორან სერას დასამორჩილებლად დიდი შრომა დასჭირდა.
28 წლის შვეიცარიელმა მაესტრომ, ვინაც ტურნირის ორგზის – 2005-06 წლების – ჩემპიონია, წლით უფროს და რეიტინგში 60 ადგილით ქვემდგომ მეტოქეს 7:6 (7:2) 7:6 (7:3) სძლია.
ფედერერი პირველ სეტს 5:3 იგებდა, მეორეს კი – 4:1, მაგრამ ძალზე აგრესიულად მოთამაშე ფრანგმა შეძლო, საქმე ორივე ხელში ტაიბრეიკამდე მიეყვანა, მით უფრო რომ დიადი შვეიცარიელი მას აქა-იქ უნებლიე შეცდომებითაც ეხმარებოდა. თუმცა ორივე მე-13 გეიმში როჯერი უფრო ბასრი და უშეცდომო იყო.
ბოლოჯერ მას ორ ტაიბრეიკიან სეტში 2008 წელს ბაზელში, ფინელ იარკო ნიემინენთან ემარჯვა.
ნამატჩევს ფედერერი ოდნავ იმედგაცრუებული ჩანდა, რაკიღა მატჩის უფრო მალე გასრულება არ გამოუვიდა, თუმცა თავის შეცდომებზე მეტად ამას მეტოქის შეუპოვარი თამაშით ხსნიდა.
“როგორც წესი, ასეთ უპირატესობას ხელიდან არ ვუშვებ ხოლმე, მაგრამ ის ორივე სეტის ბოლოსკენ დიდებულად გაირჯა – ამბობდა იგი – ეს მე კი არ დამითმია მისთვის რამე; მან თავად მოიპოვა ტაიბრეიკებზე თამაშის უფლება.”
მომდევნო წრეში ფედერერი ჩეხ ტომაშ ბერდიხთან (#16) იპაექრებს. ამ უკანასკნელმა არგენტინელ ორასიო სებალიოსს 6:4 7:5 მოუგო.
კვიპროსელ მარკოს ბაღდატისს აჯობა და წლეულს თავისი მე-20 გამარჯვება მიითვალა ხორვატმა მარინ ჩილიჩმა (#7). მისი მომდევნო მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო (#10) იქნება. განუთესავმა ამერიკელმა მარდი ფიშმა, რომელმაც მეორე წრიდან ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი, სკოტი ენდი მარეი, გააგდო, ესპანელი ფელისიანო ლოპესი (#29) დაამარცხა 7:5 6:3 და ახლა რუს მიხაილ იუჟნის (#13) შეეხლება. მერვედფინალში ერთმანეთზე გავიდნენ შვედი რობინ სოდერლინგი (#5) და ჩილელი ფერნანდო გონსალესი (#9).
რაც შეეხება ქალთა ტურნირს, აქ ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ (#13) მერვედფინალში თითქმის უბრძოლველად დაჯაბნა პირველ ნომრად განთესილი რუსი სვეტლანა კუზნეცოვა 6:3 6:0, ვისაც მტკივანი მხარი აწუხებდა.
ასევე წაიფორხილა შარშანდელმა ჩემპიონმა, ბელარუსმა ვიკტორია აზარენკამ (#4) – ის ბელგიელ კიმ კლეისტერსს (#14) ემსხვერპლა 4:6 0:6. მეორე სახელიანმა ბელგიელმა ჟუსტინ ენენმა გზიდან რუსი ვერა ზვანარიოვა (#11) ჩამოიცილა 6:1 6:4, ხოლო ტურნირის სამგზის – 1998-99 და 2001 წლების – გამარჯვებული, ამერიკელი ვინუს უილიამსი (#3) სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას (#19) გასცდა 1:6 7:5 6:4.
ასევე აღსანიშნავია ავსტრალიელი სამანტა სტოზურის (#9) მოგებაც – ის რამდენიმე დღის წინ ინდიან უელსში გაჩემპიონებულ სერბ ელენა იანკოვიჩს (#7) აღემატა 6:1 7:6 (11:9).

 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177769