კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის პირველოსანმა როჯერ ფედერერმა ეშტორილის 400-ათასევროანი თიხნარობის მეორე წრეში გერმანელ ბიორნ ფაუს სძლია და ამ საფარზე წლეულს თავისი პირველი გამარჯვება მიითვალა.
28 წლის შვეიცარიელმა მაესტრომ, ვინაც ტურნირის 2008 წლის ჩემპიონია, 2 წლით უფროსსა და 137 ადგილით ქვემდგომ მეტოქეს 6:3 6:4 მოუგო.
ფედერერს ფაუსთან აქამდე მხოლოდ ერთხელ – 1999 წელს – ეთამაშა და დამარცხებულიყო. ამრიგად, ეს მოგება მისთვის ერთგვარი რევანშიც გამოდგა.
შეგახსენებთ, გასულ კვირაში როჯერმა რომის მასტერსთიხნარობის მეორე წრეში ლატვიელ ერნესტს გულბისთან დათმო.
ახლა ის მეოთხედფინალში ვეტერან ფრანგ არნო კლემანს დაუპირისპირდება – ამ უკანასკნელმა კოლუმბიელი ალეხანდრო ფალას ძლევით კარიერაში მე-300 მოგება ჩაიწერა.
დამაჯერებლად დაიწყო შარშან მოხვეჭილი ტიტულის დაცვა ესპანელმა ალბერტ მონტანიესმა. მან თანამემამულე დანიელ ხიმენო-ტრავერი 6:1 6:2 გაანადგურა.







