ჩოგბურთი

1:13 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა შესაძლოა “როლან გაროსი” გამოტოვოს

მსოფლიო კლასიფიკაციის ლიდერმა და მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის რვაგზის ჩემპიონმა (2005-12) რაფა ნადალმა გრიმალდების საგრაფოს საჩოგბურთო ტურნირის წლევანდელი გათამაშება მეორე წრიდან რუსეთის სახელით მოთამაშე თეიმურაზ გაბაშვილის 6:4, 6:1 დამარცხებით დაიწყო. მატჩი საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში რაფამ 5 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა.

“მატჩის გადამწყვეტი მომენტი პირველ სეტში იყო, როდესაც 1:3-ს ვაგებდი. იმ მომენტში მივხვდი, რომ უფრო მეტად აგრესიულად თამაში იყო აუცილებელი. მალე ბრეიკი შევასრულე და სიტუაციის კონტროლიც დავიწყე. ნებისმიერი შეჯიბრების პირველ შეხვედრაში აუცილებელია სათამაშო რიტმის მიგნება, მაგრამ თავდაპირველად ამის გაკეთების საშუალებას მოწინააღმდეგე არ მაძლევდა”, - განაცხადა ნადალმა გაბაშვილის ძლევის შემდეგ. მესამე წრეში რაფა იტალიელ ანდრეას სეპის შეხვდება.

მესამე წრეში გავიდა მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის სამგზის ფინალისტი როჯერ ფედერერი. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა 32 წლის შვეიცარიელმა 52 წუთში ჩეხ რადეკ შტეპანეკს 6:1, 6:2 მოუგო. ფედერერის სამერვედფინალე მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ჩეხი, ამჯერად ლუკაშ როსოლი იქნება.

ამასობაში როჯერმა განაცხადა, რომ შესაძლოა მან საფრანგეთის ღია პირველობის წლევანდელი ტურნირი გამოტოვოს. ამის მიზეზი ფედერერის მეუღლის “როლან გაროსის” მსვლელობისას (25 მაისი-8 ივნისი) მოსალოდნელი მოლოგინებაა. “მოდით ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. თუმცა, ჩემი პრიორიტეტი მირკას გვერდით ყოფნაა. კარიერის განმავლობაში უამრავი მატჩი ჩავატარე და თუ წლევანდელ საფრანგეთის პირველობას გამოვტოვებ, ჩემთვის ეს ტრაგედია არ იქნება”, - აცხადებს ფედერერი.

0.115898