ჩოგბურთი

14:54 | 28.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა იოლი გამარჯვებით დაიწყო, მარეი კი გავარდა


კაცმეჩოგნეთა მსოფლიო ამქრის ლიდერმა როჯერ ფედერერმა მაიამის ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.
28 წლის შვეიცარიელმა მაესტრომ მეორე წრეში 5 წლით უფროსსა და 101 ადგილით ქვემდგომ ეკვადორელ მეტოქეს 66 წუთში 6:3 6:3 აჯობა.
ფედერერი, ვინაც ტურნირის ორგზის – 2005-06 წლების – ჩემპიონია, მომდევნო მატჩში ფრანგ ფლორან სერას დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი ესპანელ ალბერტ მონტანესს გასცდა 6:3 3:6 6:2.
წინა დღეს გავარდნილ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს (#2) მიჰყვა შარშანდელი ჩემპიონი ენდი მარეიც. მსოფლიო რეიტინგსიის მესამეადგილოსანმა 22 წლის სკოტმა 6 წლით უფროსსა და 98 ადგილით ქვემდგომ ამერიკელ მარდი ფიშთან დათმო 4:6 4:6.
“მარდი დღეს საუცხოოდ აწვდიდა – აღნიშნა ნამატჩევს მარეიმ – მე კი ჩემი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენე. ისე, კარგი ჩემ თამაშს არც წინა კვირაში ინდიან უელსში ეთქმოდა, სადაც მეოთხედფინალში დავმარცხდი. და, საერთოდ, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ საქმეები კარგად არ მიმდის. თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე გამოსავალს ვიპოვნი.”
ზეათეულის სხვა წარმომადგენლებმა – შვედმა რობინ სოდერლინგმა (#5), ხორვატმა მარინ ჩილიჩმა (#7), ჩილელმა ფერნანდო გონსალესმა (#9) და ესპანელმა ფერნანდო ვერდასკომ (#10) – მეორე წრე სეტის წაუგებლად გაიარეს.
რაც შეეხება ქალთა ტურნირს, 2006 წლის ჩემპიონმა და წლეულს პირველ ნომრად განთესილმა რუსმა სვეტლანა კუზნეცოვამ უნგრელ აგნეშ შავაის 6:2 6:3 სძლია და მეოთხე წრეს უწია.
ტურნირის სამგზის – 1998, 1999 და 2001 წლების – გამარჯვებულმა ამერიკელმა ვინუს უილიამსმა (#3) კი იტალიელი რობერტა ვინჩი დაჯაბნა 6:1 6:4. აღსანიშნავია, რომ ვინუსმა, ვისთვისაც ეს პირველი ტურნირია მას შემდეგ, რაც თებერვალში დუბაისა და აკაპულკოს თიხნარებზე იმარჯვა, მიჯრით მე-12 შეხვედრა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091488