ჩოგბურთი

23:27 | 25.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ჰიუიტი ისევ დაჩაგრა

ჩოგბურთის ავსტრალიელი მოყვარულნი, მელბურნის როდ ლეივერის სახელობის კორტზე, მოუთმენლად ელოდნენ თავიანთი საუკეთესო მეჩოგნის, ლეიტონ ჰიუიტისა და მსოფლიოს პირველი ჩოგნის, როჯერ ფედერერის მე-4 წრის შეხვედრას, მაგრამ 2 საათის შემდეგ, მათი იმედები კიდევ ერთხელ, მეთხუთმეტედ ჩაფლავდა - შვეიცარელმა მაესტრომ უპრობლემოდ, სამ სეტში (6:2, 6:3, 6:4) დაამარცხა თავისი ძველი მეტოქე და მე-16 სასლემო ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ფედერერმა სეზონის პირველი დიდი ტურნირი არცთუ საუკეთესო ფორმაში დაიწყო, მაგრამ ყოველ მომდევნო წრეში აუმჯობესებს თამაშს და ეს ჰიუიტთან შეხვედრაშიც გამოჩნდა. მოთხედფინალში მას მძიმე შეხვედრა ელის რუს ნიკოლაი დავიდენკოსთან, რომელმაც ხუთსეტიან ჯახში ესპანელი ფერნანდო ვერდასკო 6:2, 7:5, 4:6, 6:7, 6:3 დაამარცხა.

”ანგარიშს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხანდახან ძალიან მიჭირდა ქულების მოპოვება და რომ არა რამდენიმე გასაოცარი დარტყმა, მოგება გაცილებით გამიჭირდებოდა. კარგად ვაწვდიდი და შეტევაში თამაშიც გამომდიოდა. რაც მთავარია, კორტზე სხარტად გადავაადგილდებოდი, რამაც საქმე გამიადვილა. როცა ქულებს მნიშვნელოვან მომენტებში აგროვებ, ამას სასურველი შედეგი მოაქვს და რაც მთავარია, უკეთესი თამაშისთვის განგაწყობს. სწორედ ამ მომენტში ხვდები, რომ სეზონისწინა ვარჯიშებს უშედეგოდ არ ჩაუვლია”, - განაცხადა ფედერერმა, ვინც შეხვედრის განმავლობაში, თამაშიდან 49 ქულის აღება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ჰიუიტს ფედერერი ბოლოს 2003 წელს, დევისის თასის ნახევარფინალში ჰყავს დამარცხებული. იმ შეხვედრაში შვეიცარიელმა თავიდან 2 სეტი მოიგო, მაგრამ ოზმა ჩოგბურთელმა ანგარიშიც გაათანაბრა და გადამწყვეტ სეტში გამარჯვებასაც მიაღწია.

ორივე ჩოგბურთელი ამჟამად 28 წლისაა. ისინი პირველად მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც 14 წლისანი იყვნენ. მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსს პირველმა ჰიუიტმა მიაღწია, თუმცა, მერე ფედერერმა გაილაღა და ამ 7 წლის განმავლობაში, თავისი მეტოქე უკვე მეთხუთმეტედ დაამარცხა.

”რა თქმა უნდა, ყოველთვის გულდასაწყვეტია, როცა დიდი სლემის ტურნირზე მარცხდები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ როჯერმა შესანიშნავად ითამაშა და არაფრის შანსი არ დამიტოვა. საერთოდ, ის ჩემს წინააღმდეგ ცუდად იშვიათად თამაშობს”, - განაცხადა ჰიუიტმა, ვინც მებრძოლი ხასიათით კი გამოირჩევა, მაგრამ ხშირი ტრავმები, ძველებურად კარგად თამაშის საშუალებას არ აძლევს.

ჰიუიტი სხვა მამაკაც ჩოგბურთელებთან შედარებით დაბალია და ფონს გასვლას უკანა ხაზიდან თამაშით ცდილობს, თუმცა, ძლიერი დამრტყმელების წინააღმდეგ შეხვედრებში, ეს ხშირად აღარ შველის. განსაკუთრებით კი, ფედერერის წინააღმდეგ თამაში უჭირს.

და მაინც, შვეიცარიელი დასძენს, რომ თუ ჰიუიტი პირველი სეტის მოგებას შეძლებდა, თამაში გაცილებით დაძაბული იქნებოდა...

მერაბ ლორთქიფანიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090915