ჩოგბურთი

18:35 | 29.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ცონგა ფინალში არ გაუშვა

ავსტრალიის ღია პირველობაზე, მისი ერთეულთა ბადეების ბოლო, მეოთხე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა - პირველობის მთავარ შეხვედრაში,შოტლანდიელ ენდი მარეის მეტოქედ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ეყოლება, რომელმაც საკმაოდ იოლად, სამ სეტში (6:2, 6:3, 6:2) შეძლო ფრანგი ჟო-ვილფრედ ცონგას დამარცხება.
ჩოგბურთის მაესტრომ ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქეს წარმატების მცირე შანსიც კი არ დაუტოვა. მიზნის მისაღწევად მას საათნახევარიც კი არ დასჭირვებია. ის ყველა კომპონენტში შეუდარებელი იყო. განსაკუთრებით ბევრ პრობლემას კი ცონგას მოწოდებებით და უბადლო ფორჰენდით უქმნიდა.
”ძალიან ბედნიერი ვარ. საერთოდ, ჩემს ტაქტიკას იმის მიხედვით ვაწყობ, თუ როგორ თამაშობს ჩემი მეტოქე. ხანდახან, ის ისე თამაშობს, როგორც მე მსურს, ხან კი - არა. დღეს ყველაფერი ისე გამომდიოდა, როგორც მსურდა, თუმცა ისიც ვიცი, რომ შემდეგი შეხვედრა ასეთი არ იქნება”, - განაცხადა ფედერერმა.
აღსანიშნავია, რომ ფედერერს მარეი აშშ-ის ღიას 2008 წლის ფინალში ჰყავს დამარცხებული. თუმცა ისიც ფაქტია, რომ შოტლანდიელი ახლა გაცილებით უკეთ თამაშობს და მიმდინარე ტურნირსაც უმაღლეს დონეზე ატარებს. და მაინც, მსოფლიოს პირველ ჩოგანთან თამაში მისთვის მორიგი გამოცდა გახდება.
”კარგად ვიცი, როგორ უნდა ენდის, რომ ბრიტანულ ჩოგბურთს პირველი დიდი გამარჯვება მოუტანოს... როგორ არის?... თითქოს, ბოლო 150 000 წლის განმავლობაში? (იცინის). სუსტები ამ გზას ვერ გაივლიდნენ. მან აქამდე შესანიშნავად ითამაშა და ისიც აშკარაა, რომ გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე ორი წლის წინ. მოკლედ, საინტერესო ფინალი გველის”, - დასძენს ფედერერი.
ცნობისათვის, შვეიცარიელს ავსტრალიის ღია სამჯერ - 2004, 2006 და 2007 წლებში აქვს მოგებული, შარშან კი ფინალში რაფაელ ნადალთან დამარცხდა. მოკლედ, მან მელბურნული დიდი ტურნირის ფინალს მეხუთედ მიაღწია. სულ კი, დიდი სლემის ტურნირებზე მას 21 ფინალი აქვს ნათამაშები, მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა მამაკაც ჩოგბურთელს ჩოგბურთის ისტორიაში. თუ მარეის დამარცხებას ისევ შეძლებს, კარიერაში მე-16 სასლემო ტიტულს დაეუფლება.
ნახევარფინალამდე, ცონგამ ორი ხუთსეტიანი ბრძოლა გადაიტანა. არადა, ადრე მას ასეთი ხანგრძლივი თამაშები არ ჰქონია. და მაინც, ის ამბობს, რომ წაგების მიზეზი დაღლა არ ყოფილა.
”რამ წამაგებინა? ჩემმა ცუდმა მოწოდებამ. პირველ ცდაზე მოწოდებათა მხოლოდ 55 პროცენტი გამომივიდა, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. სისწრაფეც მაკლდა და დასაწყისში რამდენჯერმე მარტივ სიტუაციაში შევცდი. ამის მერე კი ყველაფერი თავისთავად მოხდა”, - განაცხადა ცონგამ, ვისაც ავსტრალიის ღიას ფინალში 2008 წელს აქვს ნათამაშები, თუმცა დიდი სლემის ტიტული ჯერ არ მოუგია.

მერაბ ლორთქიფანიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164059