კაცმეჩოგნეთა მსოფლიო ამქრის პირველოსანმა როჯერ ფედერერმა ინდიანუელსური მასტერსტურნირის მესამე წრეში კვიპროსელ მარკოს ბაღდატისთან წაიბორძიკა.
28 წლის შვეიცარიელი მაესტრო, რომელიც კალიფორნიის უდაბნოში თავის მეოთხე ტიტულზე ნადირობდა, 4 წლით უმცროსსა და 32 ადგილით ქვემდგომ მეტოქესთან 7:5 5:7 6:7 (4:7) დამარცხდა.
როჯერი მეორე სეტს 5:4 იგებდა და ბაღდატისის მოწოდებაზე 2 მატჩბურთიც ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმის შესრულება ვერ შეძლო – მეტოქეს ჯერ ეს გეიმი ააღებინა, მერე კი სეტიც დაუთმო.
მესამე ხელში შვეიცარიელი 4:1 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 6:5-ზე, როცა ისევ კვიპროსელი აწვდიდა, კიდევ ერთი მატჩპოინტიც გაანიავა. ერთი უნებლიე შეცდომა როჯერმა ტაიბრეიკზეც დაუშვა და...
“ეს ჩემი კარიერის უდიდესი გამარჯვებაა – თქვა მერე ბაღდატისმა – უზომოდ ბედნიერი ვარ. როჯერი დღეს ზედმეტად აგრესიული იყო და ამიტომ ხშირად ცდებოდა, მე კი მასზე უფრო მშვიდად ვითამაშე.”
“ჰო, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გადავამლაშე, ზოგში კი დავაკელი – დაეთანხმა მეტოქეს როჯერი, რომელმაც მატჩის მსვლელობისას 46 უნებლიე შეცდომა დაუშვა – ეს უთამაშებლობის შედეგია. იმედია, მაიამისთვის უკეთ მომზადებას შევძლებ. წინ კიდევ გრძელი სეზონი გვიძევს, ასე რომ საპანიკო არაფერია.”
შეგახსენებთ, რომ ფედერერი – ფილტვების ინფექციის გამო – 31 იანვრის, ანუ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გამარჯვების შემდეგ ინდიან უელსამდე არსად გამოსულა...
ეს მისი და ბაღდატისის მეშვიდე დაპირისპირება გახლდათ და ამ უკანასკნელმა დიადი ალპელი პირველად დაჯაბნა. “შვიდი ჩემი ბედნიერია რიცხვია” – შენიშნა კვიპროსელმა, ვინაც წინა ექვსიდან ერთ-ერთ ჯერზე როჯერთან 2006 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში წააგო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფედერერმა იმავე 2006 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა იმ მატჩის მოგება, რომელშიც თუნდაც ერთი მატჩპოინტი ჰქონდა. ბოლოჯერ ასეთი რამ მას ოთხი წლის წინ რომის მასტერსტურნირის ფინალში შეემთხვა, როცა რაფაელ ნადალის წინააღმდეგ ორი მატჩბურთი ვერ გამოიყენა და შემდეგ მეხუთე სეტის ტაიბრეიკში დამარცხდა...
ბაღდატისი მერვედფინალში ესპანელ ტომი რობრედოს (№16) შეხვდება.
სხვაფრივ:
სკოტმა ენდი მარეიმ (№4) ამერიკელ მაიკლ რასელს აჯობა 6:3 7:5 და და ახლა ესპანელ ნიკოლას ალმაგროსთან იპაექრებს, რომელმაც თავის მხრივ ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი გააგდო.
მერვედფინალში ერთმანეთზე გავიდნენ შვედი რობინ სოდერლინგი (№6) და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა (№9), ამერიკელმა ენდი როდიკმა (№7) კი უსახელო ჰოლანდიელ ტიემო დე ბაკერს 6:3 6:4 სძლია და ახლა გამოცდილ ავსტრიელ იურგენ მელცერს (№22) შეეხლება.







