როჯერ ფედერერმა თავის მრავალრიცხოვან ტიტულებს კიდევ ერთი შესძინა. სადიდსლემო ასპარეზობების 17-გზის ტრიუმფატორმა აღმოსავლეთგერმანული ჰალეს ტურნირის ფინალში რუსი მიხაილ იუჟნი 6:7 (5:7), 6:3, 6:4 დაამარცხა და მეტად ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში რიგით 77-ე შეჯიბრება (წლეულს პირველი) მოიგო. ამასთან, როჯერმა ჰალეს ტურნირზე მეექვსედ იმარჯვა.
ჰალეს შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში 30 წლის იუჟნიმ პირველი სეტი მოიგო, მაგრამ მომდევნო პარტიებში 31 წლის შვეიცარიელის უპირატესობა გამოიკვეთა. ფედერერმა 2 საათისა 2 წუთის განმავლობაში 11 ეისი შეასრულა და იუჟნისთან ურთიერთშეხვედრებში შთამბეჭდავი დადებითი ბალანსი აქვს – 15:0.
ჰალეს ტურნირის მოგების შედეგად ფედერერმა 250 სარეიტინგო ქულა და 123400 ევრო დაიმსახურა.
საჩოგბურთო ტურნირების მოგებების რაოდენობით როჯერ ფედერერი ამერიკელ ჯონ მაკინროის დაეწია და სადღეისოდ მხოლოდ კიდევ ერთ ამერიკელ ჯიმი კონორსს (109) და ჩეხ ივან ლენდლს (94) ჩამორჩება.
ამასობაში ჰალეს ტურნირის ნახევარფინალისტმა და შარშანდელმა ჩემპიონმა ტომი ჰაასმა როჯერ ფედერერის საიუმბლდონე შანსი შეაფასა. “როჯერი თანამედროვე მოთამაშეთაგან ბალახის საფარიან კორტზე გამოსვლისას შეუდარებელია. ვფიქრობ, შვეიცარიელი უიმბლდონს მოიგებს”, - შეგახსენებთ ჰალეს შეჯიბრების ნახევარფინალში 35 წლის ჰაასი სწორედ ფედერერთან დამარცხდა.