ბაზელის Swiss Indoors Basel-ის შარშანდელი ფინალი წლეულს გამეორდება – გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ კვლავ როჯერ ფედერერი და ხუან მარტინ დელ პოტრო წარსდგებიან. გასულ წელს არგენტინელმა 3 სეტით მოახერხა კორტის მასპინძლის დამარცხება და ამჯერად ფედერერს რევანშის შანსი მიეცა.
ნახევარფინალებს რაც შეეხება, როჯერ ფედერერმა სამსეტიანი დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ დაამარცხა კანადელი ვაშეკ პოსპიშილი 6:3, 6:7, 7:5. შვეიცარიელმა დასავლეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლის ძლევას 2 საათი და 40 წუთი მოანდომა, 5 ბრეიკი და 4 ეისი განახორციელა, ვაშეკთან პირადი შეხვედრების ანგარიში 2:0 გახადა, ბაზელის ტურნირებზე კი რიგით 51-ე მატჩის მოგება მოახერხა.
მიმდინარე სეზონში ფედერერმა მესამე ტურნირის ფინალში გააღწია. როჯერმა გერმანიის ჰალეს შეჯიბრება მოიგო, რომში კი გადამწყვეტი შეხვედრა დათმო.
ასევე სამსეტიანი პაექრობა მოიგო ხუან მარტინ დელ პოტრომ. 2 საათისა და 6 წუთის განმავლობაში მიმდინარე ნახევარფინალში არგენტინელმა ფრანგ ედუარდ როჟე-ვასლენს 6:4, 4:6, 6:2 მოუგო. “დელპოს” ანგარიშზე 7 ეისი და 5 ბრეიკია.