ჩოგბურთი

12:37 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის კიდევ 2 მიღწევა

 სადიდსლემო ტურნირების სარეკორდო რაოდენობით (17) მომგები როჯერ ფედერერის ახალ-ახალ მიღწევებს დასასრული არ უჩანს. “როლან გაროსის” მეოთხე წრეში ფრანგ ჟილ სიმონთან ხუთსეტიანი მოგება შვეიცარიელის საჩოგბურთო კარიერის 900-ე მოგება აღმოჩნდა. ამასთან, ფედერერი ზედიზედ 36-ჯერ გავიდა “დიდი სლემის” ტურნირების მეოთხედფინალში.

მოქმედ ჩოგბურთელთაგან “მხიარული როჯერი” ამ მაჩვენებლით პირველია, მეორე ადგილზე კი რაფა ნადალია, რომელმაც 622-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგეთა კორტზე გაწბილება.

გარდასულ დღეთა სტატისტიკას რაც შეეხება, “ღია ერაში” ყველაზე მეტი მოგება ამერიკელ ჯიმი კონორსს აქვს. მან პროფესიულ კარიერაში 1243 მატჩში იმარჯვა. ამ მხრივ მეორეა ჩეხი ივან ლენდლი (1071), მესამე – არგენტინელი გილერმო ვილასი (923). ამ ტრიოსა და ფედერერის გარდა საუკეთესოთა ათეულში შემდეგი ლეგენდარული ჩოგბურთელები არიან – ამერიკელი ჯონ მაკინროი (875), მისის თანამემამულე ანდრე აგასი (870), შვედი სტეფან ედბერგი (801), ამერიკელი პიტ სამპრასი (762), რუმინელი ილიე ნასტასე (755) და გერმანელი ბორის ბეკერი (713).

ჟილ სიმონთან მატჩის დასრულების შემდეგ როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ასპარეზობის მსვლელობისას დაცემის შედეგად ტრავმა არ მიუღია, ხოლო მორიგ სპორტულ მიღწევებს უზარმაზარ შრომასა და ბევრ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარის თქმას უმადლის. 

0.117649