ლონდონში უიმბლდონ2013-ის წილისყრა ჩატარდა და წლის რიგით მესამე სადიდსლემო შეჯიბრების მონაწილეებმა თავთავიანთი ბადე და სასტარტო წრის მოწინააღმდეგეები შეიტყვეს.
მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში პირველ ნომრად განთესილი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გერმანელი ფლორიან მაიერით დაიწყებს, უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი კი წლევანდელი ტურნირის პირველ მატჩში რუმინელ ვიქტორ ჰანესკუს შეხვდება. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და წინა უიმბლდონის ასპარეზობის ფინალისტი ენდი მარეი გერმანელ ბენჯამინ ბეკერს დაუპირისპირდება, „როლან გაროსის“ რვაგზის ტრიუმფატორს, მალიორკელ რაფა ნადალს კენჭისყრამ ბელგიელი სტივ დარსი არგუნა.
მოგეხსენებათ, ნადალი წლევანდელ უიმბლდონზე მეხუთე ნომრადაა განთესილი და თუკი მან და ფედერერმა მეოთხედფინალამდე გააღწიეს (ცხადია, საამისო ალბათობა დიდია), ამ ეტაპზე კორტზე ერთმანეთის პირისპირ გავლენ.
ქალთა ერთეულთა ასპარეზობას რაც შეეხება, მსოფლიოს რეიტინგსიის პირველი ნომერი სერენა უილიამსი სატარტო შეხვედრაში ლუქსემბურგელ მენდი მინელას გამოცდის, ბელარუს ვიკტორია აზარენკას (2) პორტუგალიელი მარია-ჟოაო კოელერი ერგო, ხოლო რუსი მარია შარაპოვა (3) პირველ წრეში ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩს შეხვდება.
ჩვენი თანამემამულე ანა ტატიშვილი უიმბლდონის სასტარტო მატჩში ხორვატ პეტრა მარტიჩს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ანას 22 წლის მომავალი ოპონენტი კლასიფიკაციაში სადღეისოდ 143-ეა.