როტერდამის ტურნირის მოქმედი გამარჯვებული როჯერ ფედერერი ტიტულის დაცვას დამაჯერებლად შეუდგა. 31 წლის შვეიცარიელმა სასტარტო მატჩში სლოვენიელ გრეგა ზემლიას 6:3, 6:1 მოუგო და მეოთხედფინალში გასასვლელად ჰოლანდიელ ტიემო დე ბაკერს შეხვდება.
ფედერერისა და ზემლიას მატჩი მხოლოდ 57 წუთს გაგრძელდა. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა 3 ეისი შეასრულა და მთლიანობაში შეხვედრით კმაყოფილი დარჩა: “კორტზე კარგად ვმოძრაობდი და ზუსტი დარტყმების შესრულებასაც ვახერხებდი. როტერდამის ტურნირის კიდევ ერთხელ მოგება მინდა. ამ შეჯიბრებაზე სხვა მიზანი არ მაქვს”.