კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის პირველოსანმა როჯერ ფედერერმა როლან გაროს მერვედფინალში თანამემამულესა და მეგობარს – სტანისლას ვავრინკას – სძლია და ახლა დიდი მუზარადის ტურნირებზე თავის ზედიზედ 24-ე ნახევარფინალში გასასვლელად შარშანდელი ფინალის რემატჩში შვედ რობინ სოდერლინგს დაუპირისპირდება.
28 წლის შვეიცარიელმა მაესტრომ 3 წლით უმცროს და 23 ადგილით ქვემდომ მეტოქეს, ვისთან ერთადაც ორი წლის წინ პეკინის ოლიმპიადაზე წყვილთა ტურნირში იმარჯვა, სეტწაუგებლად, საათსა 56 წუთში 6:3 7:6 (7:5) 6:2 აჯობა. ეს მათი მე-6 დაპირისპირება გახლდათ და როჯერი უკვე 5:1 დაწინაურდა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია მისი უპირატესობა სოდერლინგთან, რომელიც მან შარშანდელ ფინალში დაამარცხა და რომელსაც ამჯერად იქ მეოთხედფინალში შეეხლება.
მე-5 ნომრად განთესილმა 25 წლის შვედმა, ვინაც შარშან მეოთხე წრეში თვით 4-გზის ჩემპიონ რაფაელ ნადალს მოერია, საათსა და 41 წუთში, “გაუსაჩივრებლად” დაჯაბნა 4 წლით უმცროსი ხორვატი მეჩოგნე მარინ ჩილიჩი (#10) 6:4 6:4 6:2.
სოდერლინგი ფედერერთან პირად დავაში 0:12 აგებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ნავსის გატეხვას მე-13 ჯერზე მაინც შეძლებს...
მერვედფინალში წაიფორხილა მსოფლიო რეიტინგის მეოთხეადგილოსანმა ენდი მარეიმ. 23 წლის სკოტმა მეჩოგნემ, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ფედერერთან მარცხის შემდეგ ძალზე უფერულად გამოიყურება, ვერაფერი გააწყო ჩეხი ტომაშ ბერდიხის (#15) მძლავრი და ბასრი გლაჯუნის წინააღმდეგ.
196 სმ სიმაღლის 24 წლის ჩეხმა როლან გაროს მეოთხედფინალს პირველად უწია. იქ მისი მეტოქე რუსი მიხაილ იუჟნი (#11) იქნება, რომელმაც ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას (#8) ტრავმით იხეირა. ამ უკანასკნელმა პირველი სეტი 2:6 დათმო, რის შემდეგაც ფეხის ტკივილის გამო თამაში შეწყვიტა. სხვათა შორის, იუჟნი იქ მეოთხედფინალში ასევე პირველად იჩოგნავებს.
რაც შეეხება ქალებს:
ტურნირის ოთხგზის – 2003, 2005, 20060-07 წლების – ჩემპიონმა ბელგიელმა ჟუსტინ ენენმა, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, წინა დღეს დაწყებულ და კვირას გაგრძელებულ შეხვედრაში რუსი მარია შარაპოვა დაიმორჩილა 6:2 3:6 6:3. 22-ე ნომრად განთესილი ენენი მერვედფინალში ავსტრალიელ სამანტა სტოზერს (#7) შეხვდება.
თავისი პირველი იქაური ტიტულისთვის ბრძოლა დაასრულა 2002 წლის ფინალისტმა ვინუს უილიამსმა. 30-ს მიტანებულმა ღვაწლმოსილმა ამერიკელმა პარიზში რიგიანად მოასპარეზე რუს ნადია პეტროვასთან (#7) დათმო 4:6 3:6. 28 წლის რუსი, ვინაც წინა წრიდან მასპინძელთა იმედი – არავან რეზაი – გააგდო, მეოთხედფინალში ტურნირის 2004 წლის ფინალისტ თვისტომ ელენა დემენტიევასთან იპაექრებს. მშვენიერი ელენა მსოფლიო რეიტინგის 131-ეადგილოსან სამხრეთაფრიკელ შანელ სხეეპერსს გაუსწორდა 6:1 6:3.
მე-3 ნომრად განთესილი კაროლინ ვოზნიაცკი სამსაათიან უმძიმეს ბრძოლაში აღემატა იტალიელ ფლავია პენეტას (#14) 7:6 (7:5) 6:7 (4:7) 6:2. 19 წლის დანიელისთვის, ვისაც საფრანგეთის ღია პირველობის მერვედფინალში აქამდე არასოდეს ეთამაშა, ეს კარიერის მე-200 გამარჯვებაა. არადა, მეორე სეტის დაწყებამდე მას მარცხენა ბარძაყის გადახვევა დასჭირდა, აპრილის შუა რიცხვებიდან ზედ როლან გაროს დაწყებამდე კი, შეგახსენებთ, მას კოჭის ტრავმა აწუხებდა.
ნახევარფინალში გასასვლელად ის ახლა კიდევ ერთ იტალიელს – ფრანჩესკა სკიავონეს (#17) – შეერკინება. ამ უკანასკნელმა რუს მარია კირილენკოს (#30) 6:4 6:4 მოუგო და 2001 წლის შემდეგ პირველად მიატანა როლან გაროს უკანასკნელს “რვეულს”.







