ჩოგბურთი

16:05 | 25.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი სეზონს ამქრის სათავეში დაასრულებს

მსოფლიოს მეჩოგნეთბაშმა როჯერ ფედერერმა ლონდონის რვაკაცაზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ რეიტინგსიის სათავეში ის კარიერის უკვე მეხუთე სეზონს დაასრულებს.
28 წლის შვეიცარიელმა მაესტრომ, ვინაც წლის შემაჯამებელი ტურნირის ოთხგზის (2003-04, 2006-07 წლების) გამარჯვებული და 2005 წლის ფინალისტია, სკოტ ენდი მარეის (#4) საათსა და 57 წუთში, 3:6 6:3 6:1 აჯობა.
ისევე როგორც ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან ტურნირის პირველ შეხვედრაში, ფედერერი სრული ძალით ამ მატჩშიც მეორე სეტიდან ათამაშდა. მარეიმ, რომელიც თან მოწოდებამაც დააღალატა, მის შეტევებს ვეღარ გაუძლო. მესამე სეტში 22 წლის სკოტ მეჩოგნეს როჯერისთვის ხეირიანად წინააღმდეგობაც აღარ გაუწევია.
ეს წლეულს მათი მე-4, ხოლო საერთო ჯამში მე-10 დაპირისპირება გახლდათ და როჯერმა მარეისთან სეზონში წონასწორობის აღდგენა, ხოლო საერთო ანგარიშში სხვაობის შემცირება – 4:6 – შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ენდი მათ წინა შეხვედრაშიც დაჯაბნა (ცინცინატის მასტერსტურნირის ნახევარფინალში), მანამდე კი ბრიტანელს მისთვის ზედიზედ ოთხი შეხლა მოეგო...
“ამ უკანასკნელი გარემოების გამო მატჩამდე, ცოტა არ იყოს, ეჭვებში ვიყავი – გამოტყდა შემდეგ ფედერერი – მაგრამ ახლა თავს საუცხოოდ ვგრძნობ. ოღონდ, არა იმდენად ენდის დამარცხებას ვხარობ, რამდენადაც იმას, რომ სეზონს ისევ პირველ ნომრად ვასრულებ.”
იმაში, რომ წლის ბოლოს ის რეიტინგსიის სათავეში მდგარიყო, ფედერერისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ესპანელ რაფაელ ნადალს (#2) შეეძლო. მაგრამ რაფამ თავის ჯგუფში პირველივე შეხვედრა შვედ რობინ სოდერლინგთან წააგო და ამით როჯერს საქმე გაუადვილა. ახლა კი – ფედერერის მიერ მარეიზე გამარჯვების შემდეგ – შეუპოვარმა მალიორკელმა ტურნირი რომც მოიგოს, ხოლო ფედერერი საერთოდ ჯგუფიდანაც ვერ გავიდეს, ამ უკანასკნელს ის სეფეჩოგანს უკვე ვეღარ შეეცილება.
როჯერი თავისი პირველოსნობის “პირველ ჯერზე” რეიტინგსიის სათავეში 2004 წლის 2 თებერვლიდან 2008 წლის 17 აგვისტომდე, ანუ ზედიზედ 237 კვირის განმავლობაში იდგა. შემდეგ მან ლიდერობა ნადალს დაუთმო, ხოლო მიმდინარე წლის 6 ივლისს, მას მერე, რაც უიმბლონზე იმარჯვა და დიდი მუზარადის ტურნირებზე სარეკორდო, მე-15, ტიტული მოიხვეჭა, მისგან ამქრის უსტაბაშობა დაიბრუნა.
ის გახდა მხოლოდ მეორე მეჩოგნე დიადი ივან ლენდლის შემდეგ, ვისაც რეიტინგსიაში ეპოქაში (ანუ 1973 წლიდან) სეზონი (ან სეზონები) პირველოსნად დაუსრულებია, ანუ ეიტიპის მსოფლიო ტურის ჩემპიონი გამხდარა, შემდეგ ეს წოდება დაუკარგავს და მერე ისევ უკუუპყრია. ლენდლმა ამქრის სათავეში ზედიზედ სამი – 1985-87 წლების – სეზონი დაასრულა, 1988-ში თავის წინ შვედი მატს ვილანდერი გაუშვა, ხოლო 1989-ს დამლევს ისევ პირველი იყო.
ეიტიპის მსოფლიო ტურის ყველაზე მეტგზის ჩემპიონთა ჩამონათვალში ამერიკელი პიტ სამპრასი ლიდერობს – 1993-1998 წლებში მან ამქრის სათავეში ზედიზედ 6 სეზონი დაასრულა. მეორე ადგილს – აწ უკვე როჯერთან ერთად – მეორე ლეგენდარული ამერიკელი ჯიმი კონორსი იყოფს, რომელიც ტურში 1974-78 წლებში, ზედიზედ 5 სეზონის მანძილზე დომინირებდა...
სხვაფრივ – თუკი ისევ ლონდონს დავუბრუნდებით – ფედერერის ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ოთხივე მეჩოგნე ინარჩუნებს. მომდევნო ტურში, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება, ფედერერი აშშ-ის წლევანდელი ღია პირველობის ფინალში მის მძლეველ არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს (#5) შეხვდება, მარეი კი ვერდასკოსთან (#7) იპაექრებს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114407