ჩოგბურთი

9:17 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ავტოგრაფებშიც ლიდერობს

 33 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტის სამსეტიან პაექრობაში 6:4, 6:3, 6:2 დამარცხების შემდეგ გავიდა. მეოთხედფინალში სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონი ფრანგ გაელ მონფისს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს მოუგო.

ფედერერის მერვედფინალური მატჩი საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში როჯერმა 6 ბრეიკი და 8 ეისი შეასრულა. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ფედერერი და ბაუტისტა-აგუტი წლეულს ნიუ იორკში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

ამასობაში Wall Street Journal-მა საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ აშშ-ის მიმდინარე ჩემპიონატზე ყველაზე ხანგრძლივად ავტოგრაფებს როჯერ ფედერერი არიგებს. საწყისი 3 წრის მატჩების დასრულების შემდეგ გულშემატკივართა მიერ გაწვდილ ფურცლებზე საკუთარი ხელმოწერის დასმას შვეიცარიელმა 15 წუთი და 33 წამი მოანდომა. მეორე ადგილზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია (12 წთ 27 წმ).

0.118355