რაგბი

12:44 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფედერალ 1” 22 ქართული ქულით დაიწყო

საფრანგეთის მორაგბეთა ნახევარდპროფესიულ “ფედერალ 1”-ის ახალი სეზონის პირველ ტურში, ქართველმა ლეგიონერებმა 22 ქულა ჩაიწერეს, მაგრამ ეს მათი გუნდების გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქულები ეროვნული გუნდის წევრების ანგარიშზეა - თედო ზიბზიბაძემ ლელო გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა და გარდასახვა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ ოთხი ჯარიმა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონში 40 გუნდი ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი და რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას პლეი ოფებში, Pრო D2-ში ასასვლელი ორი საგზურისთვის აგრძელებს.

I ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდია. სადებიუტო მატჩში დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძის და შალვა სუთიაშვილის “მასიმ”, ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ-ნაზერი” სტუმრად 50:21 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მასპინძელთა მეორეხაზელი გუჯარაიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე შეცვალეს. “მასის” ძირითადში მოხვდნენ პირველხაზელი აშვეთია, რომელიც 59-ე წუთზე ელიზბარ ყუფარაძემ შეცვალა და მესამეხაზელი სუთიაშვილი, რომელმაც მოედანზე 69 წუთი გაატარა.

შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძეს “სენ-ჟენმა” “კოგნასი” 19:15 დაამარცხა. მესამეხაზელმა საყვარელიძემ პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა. თემურ გელანტიასა და რევაზ გიგაურის “მონლიუსონი” საკუთარ მოედანზე “ნევერთან” 6:21 დამარცხდა. ორივე ქართველი ლეგიონერი სათადარიგოთა შორის იყო და გელანტია თამაშში 57-ე, ხოლო გიგაური 72-ე წუთიდან ჩაერთო. “ლილთან” საკუთარ მოედანზე 11:19 დამარცხდა ირაკლი ნინიძის “დიჟონი”. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.

II ჯგუფში გიორგი კუთარაშვილის “ანესი” ავთო კოპალიანის “მაკონის” დაუხვდა და 14:10 იმარჯვა. ქართველი პირველხაზელები პირველივე წუთებიდან ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და კუთარაშვილმა მე-40 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ათწუთიანი სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ კი, მოედანზე აღარ დაბრუნებულა. კოპალიანი 53-ე წუთზე შეცვალეს.
მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილი “ვიენი” “ექს-ან-პროვენსთან” შინ 10:24 დამარცხდა. კვირიკაშვილმა სრულად ითამაშა და მე-7 წუთზე ჯარიმით ანგარიში გახსნა, ხოლო 21-ეზე გარდასახვა შეასრულა და გუნდი 10:3 დააწინაურა, მაგრამ ეს საერთო წარმატენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო.

საბა ქართველიშვილის “ჩამბერიმ” “რომანს” 24:20 სძლია. ქართველი ლეგიონერი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 14:20 აგებდა და ამის შემდეგ მასპინძლებმა ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანეს. გიორგი ჯაშიტაშვილის გარეშე “შალონი” “ობნასთან” 20:22 დამარცხდა.

III ჯგუფში თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგო” სტუმრად “ლორმონს” დაუზავდა - 22:22. ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა და 43-ე წუთზე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა. მაღალდაძე განაცხადში არ იყო, ხოლო გაბელია თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

გიორგი ტალახაძის “როდეზი” “ლიმოჟს” ქართველი ლეგიონერის გარეშე ეწვია, 22:29 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა. ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაი” “ლანგონთან” 15:26 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო და 7 წუთში მისი გუნდი ორი გატანილი ჯარიმით 15:13 დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში ქულები მხოლოს სტუმრებმა აიღეს.

IV ჯგუფში ლაშა მალაღურაძემ საკუთარი გუნდის 12-ივე ქულა ჩაიწერა, მაგრამ მისი, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილის და ბექა ურჯუკაშვილის “ბანიერი” “ოლორონთან” მაინც დამარცხდა - 12:18. მასპინძელთა შემადგენლობაში ოთხივე ქართველმა ითამაშა - მალაღურაძემ მგეზავად და ურჯუკაშვილმა გარემარბად სრულად ითამაშეს, პირველხაზელი მჭედლიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მაისურაძე მოედანზე 43-ე წუთიდან გამოჩნდა.

მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმომ” “ლანემეზანს” უმასპინძლა და 6:18 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. “ფედერალ 1”-ის მომდევნო ტურის თამაშები 14-15 სექტემბერს გაიმართება.

 


0.115609