სტატიები

12:47 | 30.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ფედერაციის პრეზიდენტი ვარ, ფული მომეცით”

2003 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ყველა სფეროს შეეხო და გამონაკლისი არც სპორტი აღმოჩნდა. ფეხბურთის ფედერაციით დაწყებული, ბადმინტონის ფედერაციით დამთავრებული ყველას სათავეში მმართველი პოლიტიკური ძალის წევრები მოვიდნენ.
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში სხვა მმართველი ძალა მოვიდა და ცვლილებები სპორტშიც დაიწყო. სამწუხაროდ, ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობა ამ სფეროში გათვითცნობიერებული კარგად არაა და რატომღაც ყოველთვის ეგონათ, რომ სპორტი ადვილი გასაძღოლია.
არადა, სპორტის სამინისტრო ფაქტობრივად ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. თუნდაც ის რად ღირს, რომ დაახლოებით 50 ფედერაციას მოიცავს, რომელთაც ჰყავთ პრეზიდენტები, გენერალური მდივნები, თავისი აპარატი და ა.შ. ფედერაცია საერთოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და მისი პრეზიდენტი არჩევითია. პრეზიდენტმა კი, უნდა უზრონველყოს შიდა ტურნირების ჩატარება, ეროვნული ნაკრების შეკრების მოწყობა, სხვადასხვა ტურნირებზე გუნდის გამგზავრება, უცხოურ ფედერაციებთან ურთიერთობა და კიდევ მრავალი რამ.
საქართველოში სიტყვა პრეზიდენტი ძალიან მიმზიდველად ჟღერს, იმედია, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე ბოლომდე გადავა, ეს სიტყვაც აქტუალობას მნიშვნელოვნად დაკარგავს. ფედერაციის პრეზიდენტობა ურიგო რამ არაა, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ამ ხალხისგან მაშინვე გაისმის წლების განმავლობაში აპრობირებული ფრაზა: “თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარა, არაფერი გამოვა”.
შე კაი კაცო, თუ სახელმწიფო დაგეხმარა, ანგარიშზე ფული ჩაგირიცხა, შეკრებაზე გაგიშვა, ტურნირის ორგანიზება გააკეთა, გუნდს ჩააცვა-დაახურა და ყველაფერი შენ მაგივრად გააკეთა, მაშინ რა პრეზიდენტი ხარ. მაშინ დანიშნავს სამინისტრო თავის ნდობით აღჭურვილ პირებს პირდაპირ და ეგ იქნება.
ეს საუბარი ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მოიტანა. გასაგებია, რომ სხვადასხვა ფედერაციებში, თან ისეთ მსუყეში, როგორიც ფეხბურთისაა თუ ძიუდოსი პრეზიდენტობის მსურველობის ნაკლებობა არ შეინიშნება. თუმცა, ისიც თვალსაჩინოა, რომ ამჟამინდელ მმართველი ძალის აქტივისტები თუ დაახლოებული პირები ცდილობენ ამ თანამდებობების დაკავებას. მაშინ, რა განსხვავებაა იმ მიდგომასთან, რაც ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა. თუნდაც, ცოტა ხნის წინ ტყვიის სროლის ფედერაციაში კახა ბექაურის არჩევა გავიხსენოთ. გასაგებია, რომ ეს ადამიანი ტელეკომპანია “მე-9 არხის” გენერალური დირექტორი იყო და საბოლოოდ, ეს ძაფი სადამდე მიდის. ყრილობაზე მასაც დაუჭირეს მხარი ერთხმად. გამოვიდა ხუთშაბათს ბექაური და განაცხადა, რომ “მე-9 არხს” ტოვებს. თავისთავად ისმის კითხვა – ტყვიის სროლის ფედერაციაში არჩევნები ახლიდან უნდა ჩატარდეს? ისე გასაკვირია, რატომ არ იყარა კენჭი ნინო სალუქვაძემ. ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტურია ამ საკითხში და ძალიან კარგად უწყის, რა ჭირდება სპორტის ამ სახეობას.
იგივე ძიუდოში განვითარებული ამბები გავიხსენოთ, როდესაც აქეთ შოთა ხაბარელის შვილს სურდა ფედერაციის პრეზიდენტობა, იქით დავით ხახალეიშვილს. საბოლოოდ, შეირჩა კომპრომისული ვარიანტი და ალბათ, პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გახდება. ისე რა პრობლემაა, ეყარათ კენჭი უმცროს ხაბარელსაც, ხახალეიშვილსაც, ქევხიშვილსაც და ვინც გაიმარჯვებდა იმას მიეხედა ფედერაციისთვის. ოღონდ ამ შემთხვევაში სპორტის მინისტრის პოზიცია უნდა იყოს მკაფიო და ყველასთვის ერთი: “გინდა პრეზიდენტობა, მაშინ სახსრებიც მოიძიე, ფედერაცია რომ შეინახო”.
სპორტის სამინისტრო ნამდვილად არაა ვალდებული, რომ ფედერაციები შეინახოს და ეს არც სპორტის კანონშია გაწერილი. გასაგებია, რომ სამინისტროსა და ფედერაციას შორის თანამშრომლობა უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩვენთან ამ ურთიერთობის ძირითადი მომენტი სამინისტროს მიერ ფედერაციების დაფინანსებაა. აირჩევენ პრეზიდენტებს და მათი პირველი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ ფული ჩაურიცხოს.
ანალოგიური სიტუაციაა ფეხბურთშიც. პრემიერლიგის დაფუძნება უნდათ და ფული სახელმწიფომ მოგვცესო. ფედერაციაში არჩევნები ჩატარდეს და პრეზიდენტი შეიცვალოსო. ამ შემთხვევაშიც კვლავ ფედერაციისკენ იშვერენ ხელს. ასე, საქართველოში ნამდვილად მოინახება სპორტის ამა თუ იმ სფეროში კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი, რომელთაც პატიოსნება არ აკლიათ და თუ სახელმწიფო დააფინანსებს, პრემიერლიგასაც შექმნიან, ფედერაციებსაც გაუძღვებიან და ა.შ.
ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ფედერაცია უნდა გახდეს პოლიტიკურად და ფინანსურად დამოუკიდებელი. შესაძლოა, რაღაც ეტაპზე სპორტის ამა თუ იმ სახეობში იყოს უკუსვლა, თუმცა ვერც ახლა დავიკვეხნით, რომ “ვფრინავთ”, მაგრამ არჩეული გეზი იყოს სწორი. უნდა ჩატარდეს კონკურენტუნარიანი არჩევნები. თანდათან ის ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომელთაც ნამდვილად შესტკივა სპორტის რომელიმე სახეობაზე გული და პრეზიდენტობაც უღირს. თორემ, რა გამოდის, აირჩევენ პრეზიდენტად და პირველი ფრაზაა სპორტის სამინისტროს მიმართ: “ფედერაციის პრეზიდენტი ვარ, ფული მომეცით”.
აქვე გვერდს ვერ ავუვლით იმ ხალხს, რომლებიც ამომრჩეველი სუბიექტები არიან და წლიდან წლამდე ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში თავს კომფორტულად გრძნობენ. არჩევნებზე ხმას ხელისუფლების რჩეულს აძლევენ და პასუხისმგებლობასაც არ გრძნობენ. კონფორმიზმი ერთ-ერთი ცუდი რამაა და სამწუხაროდ, როგორც სხვა სფეროში ქართული სპორტიც კონფორმისტებითაა გაჯერებული. კარგია, როდესაც ყრილობაზე წლიდან წლამდე ხელს აწევ და ყოველთვის მხარს გამარჯვებულს დაუჭერ. შემდეგ თუ სპორტის რომელიმე სახეობაში საქმე ცუდად წავიდა პასუხს პრეზიდენტს სთხოვენ, არადა, პასუხისმგებელი ის პირებიც არიან, ვინც ეს პრეზიდენტი აირჩია, ხშირ შემთხვევაში ერთხმად. თუმცა, ისინი არავის ახსენდება.
ამიტომ, არჩევნების წინ სათანადოდ უნდა შეირჩეს სუბიექტები. იგივე აღმასკომები ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი, ძალოსნობის ფედერაციის აღმასკომის წევრი იყოს, ფეხბურთის ფედერაციის, ჭიდაობის და ა.შ. ამ დროს, აღმოჩნდა, რომ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში თემურ ხუბულური ძიუდოს ფედერაციის აღმასკომში არაა. იმავე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში, უმაღლესი თუ პირველი ლიგის არც ერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს.
ერთი სიტყვით, პრობლემა უამრავია და სპორტი ისე იოლი სამართავი არაა, როგორც ზოგს ერთი შეხედვით ჰგონია, ხოლო სპორტის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე რთული სეგმენტია. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია წარსულის შეცდომები გაანალიზება, რომ ცოტა ხანში კვლავ არ დაიწყოს საუბარი: “რა შეიცვალა, პრეზიდენტებად ხომ ისევ მმართველი ძალის აქტივისტებს ნიშნავენ?”. არადა, ამის ნიშნები უკვე სახეზეა.     

 

ლაშა თაბაგარი         
 

0.132051