კალათბურთი

17:05 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციის დებულება ფედერაციისვე წინააღმდეგ

20 აპრილს ქუთაისში ჩატარდა ”ყველა ვარსკვლავის“ მატჩი, რომელშიც სხვებთან ერთად სამ კალათბურთელს: ბესო ლეჟავას (არმია), სტენ სოკს (ოლიმპი) და დავით საყვარელიძეს (არმია) უნდა ეთამაშათ, თუმცა მათ ფედერაციაში წარადგინეს ექიმის ოფიციალური დასკვნები, რომლის საფუძველზეც ფედერაციისგან უფლება მიეცათ, გამოეტოვებინათ ეს მატჩი.

თითქოსდა, დიდი არაფერი მომხდარა (ეს ხომ უბრალოდ შოუ იყო, რომელში არმონაწილეობაც განსაკუთრებულად არაფერს წყვეტს) და ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ზემოხსენებული სამეული გუშინ დაწყებული პლეი ოფის მონაწილე გუნდების წევრები არიან და ესეც რომ არ იყოს, კანონი, დებულება და სხვა ტიპის რეგულაციები იმისთვის იწერება, რომ შესრულდეს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის მარეგულირებელი დებულების მეოთხე თავში (დისციპლინური დარღვევებისა და სანქციების შესახებ) შემდეგი სამი პუნქტია:

  1. იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ გუნდის რომელიმე მოთამაშე ან მწვრთნელი შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს განაცხადებს, მან უნდა წარმოადგინოს ექიმის ცნობა, რომელიც იმ მოცემულ მომენტში მისი დაშავების ან შეუძლოდ ყოფნის მიზეზს განმარტავს.
  2. ნებისმიერ შემთხვევაში, მოთამაშე უნდა გასინჯოს კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო კომისიამ და საბოლოო დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას გამოტანილი.
  3. მოთამაშეს ან მწვრთნელს, მატჩზე/კონკურსზე გამოუცხადებლობის ან უთამაშებლობის (არადამტკიცებული სამედიცინო კომისიის მიერ) მიზეზის არწარდგენის შემთხვევაში, მიესჯება 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაჯარიმდება 500 ლარით.

მეორე პუნქტი ფედერაციის კომისიის მიერ მოთამაშის ცნობის გადამოწმების აუცილებლობაზე მიუთითებს. ფედერაციას მეორე პუნქტი არ შეუსრულებია, შესაბამისად, მესამე პუნქტი, საჭიროების შემთხვევაშიც ვერ განხორციელდება.

ამ შეცდომამ პარადოქსული სიტუაცია შექმნა, რადგან „ოლ სტარში“ მონაწილეობისთვის გაწერილი კანონი დაირღვა, მაგრამ არა გუნდების, არამედ თავად ფედერაციის მხრიდან. და ვინ მოსთხოვს პასუხს თავად ფედერაციას?!

საქართველოს კანონში სპორტის შესახებ (მესამე თავის მერვე მუხლის მესამე პუნქტი) წერია: „აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებანი და გააკონტროლოს მათი განხორციელება“. ეს გულისხმობს, რომ სპორტის სამინისტრო ფედერაციისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებაზე პასუხისმგებლობას იტოვებს. ფედერაციის მხრიდან დებულების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტროს კომპეტენციაში შედის შესაბამისი ზომების მიღება.

„მსოფლიო სპორტი“ დაინტერესდა მოთამაშეთა ჯანმრთელობის თუ ავადმყოფობის დამადასტურებელი საბუთების არსებობით და დაუკავშირდა ფედერაციას ცნობის გამოსათხოვნად, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო. ფედერაციამ საბუთის მხოლოდ ადგილზე გადახედვის ნებართვა გასცა. ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საბუთი კონფიდენციალურია და მხოლოდ ფედერაციისა და გუნდს აქვს მისი შინაარსის გაცნობის უფლება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესმდივანმა თამარ რუაძემ ადგილზე მისულ ”მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტს განუცხადა, რომ ეს დოკუმენტები ფედერაციაში 20 აპრილს 3 საათამდე შევიდა, კლუბებმა წარმოადგინეს ექიმის მიერ დადასტურებული ცნობები, მაგრამ ეს ინფორმაცია ღიაა მხოლოდ ფედერაციისა და წარმდგენი კლუბისთვის, რადგან პირადულია.

როგორც რუაძემ აღნიშნა, პირველი ცნობა არმიელი ბესო ლეჟავასგან ფედერაციაში პარასკევს, 19 აპრილს შევიდა, ხოლო 20 აპრილს 3 საათამდე სტენ სოკისა (ოლიმპი) და დავით საყვარელიძის (არმია) ცნობებიც შეემატა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მედიას არ აქვს უფლება დაინტერესდეს ზემოხსენებული სამედიცინო დასკვნებით და რა წესი კრძალავს ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, ფედერაციის პასუხია, რომ პირადი ინფორმაციაა და ეს სავსებით საკმარისია, ანუ ამ შემთხვევაში კლუბსა და ფედერაციას შორის რჩება და არ საჯაროვდება.

ზუსტი საათი, თუ როდის შევიდა ცნობები ფედერაციაში, არ დაუკონკრეტებიათ, განაცხადეს, რომ სამივე ცნობა შევიდა 20 აპრილის დღის 3 საათამდე და რომ ცნობაში მითითებული არ არის გაცემის დრო.

ფაქტია, რომ სტენ სოკს, ერთ-ერთ იმ სპორტსმენთაგანს, რომელიც არ გამოცხადდა „ყველა ვარსკვლავის“ მატჩზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული ცნობის ნიადაგზე მიენიჭა „დარჩენის“ უფლება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი კი ანგარიშვალდებულია, ცნობაში მიუთითოს მიღებული გამოძახების, გასვლის და მისვლის დროები საათების და წუთების სიზუსტით.

ვიმეორებთ - დებულებაში „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის შესახებ, მეოთხე თავის მეორე პუნქტი შემდეგნაირად ჟღერს: „ნებისმიერ შემთხვევაში, მოთამაშე უნდა გასინჯოს კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო კომისიამ და საბოლოო დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას გამოტანილი“.

კითხვაზე, არსებობს, თუ არა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ფედერაციის სამედიცინო კომისიამ დაადასტურა ცნობების სანდოობა და საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა, პასუხი უარყოფითი გახლდათ.

როგორც შემდგომ განგვიმარტეს, თუ ფედერაციის მხრიდან არ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ კლინიკების მიერ გაცემული ცნობები არასანდოა, ისინი აღარ ასრულებენ დებულების მეორე პუნქტში მოცემულ წესს, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ არანაირი ოფიციალური ეჭვის საფუძველი არ ჰქონდათ.

თამუნა რუაძე: „ფედერაციის გადასაწყვეტია, შეამოწმებს თუ არა. თუ მე ეჭვი შევიტანე, მაქვს უფლება, რომ გადავამოწმო, მაგრამ ამ შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ მაქვს რაიმე ეჭვის შეტანის“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ რეგულაციაში კალათბურთის ფედერაციას უწერია: “მიუხედავად კლუბის მიერ ექიმის ცნობის ფედერაციისთვის წარდგენისა, ამ ცნობას აუცილებლად სჭირდება ფედერაციის სამედიცინო კომისიის დადასტურება, რომ ცნობა სანდოა (წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალა არ აქვს) და ეს რატომ არ შესრულდა, პასუხი შემდეგი გახლავთ: „ამასფედერაციაუკვე თავად გადაწყვეტს, გააკეთოს თუ არა ის, დამატებითი ცნობა. ჩვენ დოკუმენტები მივიღეთ ელექტრონულ ფოსტაზე სამ საათამდე, ანუ თამაშამდე. საბუთი ხელთ გვაქვს, თარიღი სწორია, დიაგნოზი გასაგებია, ანუ არანაირი საფუძველი არ არსებობს, ცალკე ჩატარდეს კიდევ რაიმე გამოკვლევა დასკვნისთვის“.

ფაქტი ფაქტად რჩება - ფედერაციისგან არ, ან ვერ სრულდება თავისავე დებულებაში მოყვანილი პუნქტები.

კითხვაზე, რას გულისხმობს ფედერაციის დებულება „ყველა ვარსკვლავის“ შესახებ, ფედერაციის უფლებების, თუ მოვალეობების ჩამოთვლას, ამგვარი პასუხია: „დებულებას ადგენს ფედერაცია, ეს არის ფედერაციის პირადი დებულება და რეგულაციები. დებულება ფედერაციას კი არ უწესებს წესებს, დებულებას ფედერაცია აწესებს გუნდებისთვის. დებულების არსი არის ის, ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილე კლუბებმა დაიცვან ფედერაციის მიერ დადგენილი რეგულაციები. ფედერაციამ საკუთარ თავს დაუწესოს კანონი?! ჩვენ ვუწესებთ კლუბებს კანონებს და არა საკუთარ თავს. ჩვენ ვაწესებთ და შემდეგ ვაკონტროლებთ კლუბებს, იცავენ თუ არა ამ წესებს. ეს მეორე პუნქტი ფედერაციას აქვს იმიტომ, რომ თუ ფედერაციას ეჭვი შეეპარა, გუნდმა წინასწარ იცოდეს, რომ გვაქვს უფლება გადავამოწმოთ“.

დაისვა კითხვა - ეთანხმება თუ არა ფედერაცია, რომ თავად დებულებაშია შეცდომა, რადგან იქ საუბარია არა უფლებაზე, არამედ მოვალეობაზე. თამუნა რუაძე აცხადებს: „ეგ თავად კლუბებმა უნდა გვითხრან. დებულებას კლუბები ნახულობენ, შეჯიბრებების წინ ოფიციალურად, ბეჭდიანს ვაძლევთ, რათა გაეცნონ და თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, თავად უნდა წარმომიდგინონ. მაგრამ პრეტენზია ჯერ არ შემოსულა. არანაირი საფუძველი გვაქვს ჩავატაროთ დამატებითი გამოკვლევა საბოლოო დასკვნისთვის. ფედერაციას არ შეუსრულებია, დებულებაში რაც წერია, რადგან ენდო კლინიკებიდან მიღებულ ინფორმაციას.

დებულება შეცდომით არ წერია. ამ შემთხვევაში ფედერაციამ არ ჩათვალა საჭიროდ მისი შესრულება. ეს უშუალოდ კლუბის და ფედერაციის ურთიერთობის ნაწილია. არსებობს ოფიციალური საბუთი, რომელიც პასუხობს დებულების პირველ პუნქტს, ამიტომ დარღვევის შემთხვევაში დაწესებული სანქცია არ ამოქმედდება მოთამაშეებზე“.

თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, არც კლუბებისთვის მომხდარა დიდად ეფექტური პრეზენტაცია დებულების გასაცნობად და ყველა მწვრთნელი არ იყო საქმის კურსში, რომ ეს დებულება საერთოდ არსებობს.

ფედერაციიდან მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, ზემოაღნიშნული სამედიცინო კომისია არ არსებობს და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ნაკრების ექიმებს იყენებენ კომისიის მოვალეობის შემსრულებლებად, თუმცა მათ არც სპეციალურად გამოყოფილი ოთახი აქვთ ფედერაციაში და არც დამატებითი ხელფასი ერიცხებათ კომისიის მოვალეობის შესრულებისთვის. თუმცა, როგორც შემდგომში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა განმარტა, ეს კომისია არსებობს და სწორედ ეროვნული ნაკრების ექიმები წარმოადგენენ მას.

კითხვაზე, აპირებთ თუ არა დებულების შეცვლას, რადგან უთანხმოებაში მოდის თქვენს მიერ წამოდგენილი განმარტებები დებულების მეორე პუნქტთან, პასუხი შემდეგი იყო: „თუ თავად კლუბი განაცხადებს, რომ დებულებაში რაიმე შეუსაბამობაა, ან უზუსტობა, არასამართლიანი პუნქტი, ან დაუსაბუთებელია დებულება, ამ შემთხვევაში, ოფიციალურ განაცხადზე დაყრდნობით, ფედერაცია გადაწყვეტს, შეიტანოს თუ არა ცვლილება ზემოხსენებულში”.

მერაბ რატიშვილი: ფედერაციის სამედიცინო კომისია არ არის მუდმივმოქმედი ორგანო და იკრიბება საჭიროების შემთხვევაში, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს ეროვნული ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე. კომისიის სამუშაო არ ჩატარებულა „ყველა ვარსკვლავის“ მატჩისთვის და არც ჩატარდება, რადგან, ამ კომისიის თავმჯდომარე არის „არმიას“ ექიმი, ამ კომისიაში შედის „ოლიმპის“ ექიმი და ამ კომისიაში შედის, როცა ჩვენ გვჭირდება ხოლმე, „დინამოს“ ექიმი. ეს გამოდის, რომ თავის თავს გავამტყუნებინებ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსარგებლობთ პირველი პუნქტით და ვენდობით სამედიცინო ორგანიზაციის მიერ გაცემულ დასკვნას. კითხვაზე, ვუვლით, თუ არა საკუთარ დაწესებულ რეგულაციაში მოცემულ პუნქტს გვერდს, ამ შემთხვევაში, გიპასუხებთ, რომ არ ვუვლით, სრულდება პირველი პუნქტი. გადამოწმების საფუძველი გახდებოდა, ეს ცნობები რომ ყოფილიყო რომელიმე კლუბის ექიმის გამოგზავნილი, რომელიც არ არის კომისიის წევრი.

„მსოფლიო სპორტი“: დებულების პუნქტი ვერ სრულდება, რადგან ექიმი ვერ გაწირავს საკუთარი გუნდის მოთამაშეს?

მერაბ რატიშვილი: არ ვიცი, კლუბთან ექიმს აბსოლუტურად სხვა ვადებულება აქვს. არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ, რომ გამოირიცხოს ეს უხერხული მომენტი კლუბის ექიმსა და კლუბის მოთამაშეს შორის, ჩვენ ვენდობით ამ შემთხვევაში კონკრეტულად „მედი ქლაბის“ მიერ გაცემულ ცნობას. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ პირველ პუნქტს და ვეყრდნობით მოწოდებულ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულების ნდობის ხარჯზე. მეორე პუნქტი ჩავთვალეთ, რომ არ არის საჭირო, რადგან ეს (მედი ქლაბი) არის კომპეტენტური ორგანიზაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვთვლით, რომ პირველი პუნქტის შესრულება სავსებით საკმარისია, დანარჩენი ორი პუნქტის გარეშეც. თუ ფედერაციის რომელიმე სუბიექტს ცნობაში ეჭვი ეპარება, შეუძლია ამ დასკვნის სისწორე შეამოწმოს ორგანიზაციასთან, რომელიც ამ დასკვნაზეა პასუხისმგებელი. თუ ფედერაციის ნებისმიერი წევრი სუბიექტი, ამ შემთხვევაში კლუბები, რამეში ეჭვდებიან, დაიჭირონ საქმე ცნობის გამცემ ორგანიზაციასთან. თუ დაამტკიცებს, რომ ეს ცნობა არის ყალბი, ან არის არასწორად გაცემული, ეს სხვა საქმეა. თუ კლუბებს პრეტენზია გაუჩნდათ „ყველა ვარსკვლავის“ სამივე პუნქტის შეუსრულებლობის თაობაზე ფედერაციის მხრიდან, მათ უნდა მიმართონ სპორტულ არბიტრაჟს, რადგან სპორტული არბიტრაჟი არის პირველი ინსტანცია, რომელიც წყვეტს დავებს სპორტულ ორგანიზაციებს შორის. ამის შემდეგი ინსტანცია უკვე სასამართლოა. ფედერაციის სუბიექტებს შორის დავის გადაწყვეტა უშუალოდ სპორტულ არბიტრაჟს ეკისრება.

კლუბების მიერ სპორტსმენების ჯანმრთელობის შესახებ წარდგენილი ცნობები, მერაბ რატიშვილის განცხადებით, არ უნდა გასაჯაროვდეს. მან ჩამოთვალა კლინიკები, რომლებმაც გასცეს შესაბამისი ცნობები. ესენია „მედი-ქლაბი“ (ბესო ლეჟავა), „სანტე-მედიქალ გრუპი“ (ირაკლი-დათო საყვარელიძე) და „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ (სტენ სოკი).

ამ საკითხზე „მსოფლიო სპორტს“ კომენტარი გაუკეთა ფიბა-ევროპის სამედიცინო კომიტეტის ვიცეპრეზიდენტმა ნენად დიკიჩმა: „სასურველია, ყველა ქვეყნის კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ჰქონდეს სამედიცინო კომისია, ეს საქართველოზეც ვრცელდება. დასაშვებია, რომ ეს კომისია ეროვნული ნაკრების ექიმებით დაკომპლექტდეს. ხოლო რაც შეეხება დებულებას, რომელიც ფედერაციამ გამოსცა და მითითებული აქვს, რომ მხოლოდ კლუბის მიერ წარდგენილ ცნობას არ უნდა ენდოს და ფედერაციის სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა გამოიტანოს საბოლოო განაჩენი, აუცილებელია, რომ ისევე დაემორჩილოს, როგორც გუნდებისგან მოითხოვს წესების დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს თვითონ დებულება გენერალური ასამბლეის, ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის თანხმობით.

ყველა სამედიცინო დასკვნას აქვს როგორც სამედიცინო, ისე კანონიერი ღირებულება, მაგრამ თავად სამედიცინო დაწესებულების სანდოობას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ცნობა არ გადაისინჯება სამედიცინო კომისიის მიერ“.

ალბათ ბოლო კომენტარს ჟურნალისტის შეფასებები აღარ სჭირდება და ყველაფერი ისედაც ნათელია, თუმცა თავად ისტორია ამით არ მთავრდება...

0.130745