სტატიები

20:05 | 22.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციის ახალი თავსატეხი - პირველი ლიგა

 

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რეგლამენტის შეცვლამ, პირველი ლიგის გათამაშებასაც თავისებური ინტრიგა შესძინა. დაბალლიგელთა შორის პირველ ოთხეულში გასული გუნდები უმაღლეს ლიგაში დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას მიიღებენ. ისინი მაღალლიგელთა ბოლო ოთხეულთან ორწრიან ტურნირს გამართავენ და ვინც საუკეთესო ოთხეულში მოხვდება, 2012-2013 წლების სეზონიდან რანგში დაწინაურდება.
ყველაფერი რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების გასაზრდელად გაკეთდა, ახალი ამბავი არაა. სხვებთან შედარებით, უძლიერეს ათეულს ორი გუნდი კი დაემატა, მაგრამ უმაღლესლიგელთათვის მატჩების დანაპირები გაზრდილი ოდენობა მაინც არსად ჩანს. ისიც გვესმის, რომ რეგლამენტის შეცვლის მოთავეებს არგუმენტად უინტერესო მატჩების რიცხვის შემცირება მოჰყავდათ (თორემ, უმაღლესლიგელი გასულ სეზონშიც ოცდათექვსმეტ მატჩს ატარებდა და ახალშიც ასე იქნება), თუმცა ამის კონტრარგუმენტი უინტერესო მატჩების თუ არა, გარიგებულების პროცენტული ზრდის საშიშროებაა.
ახალი რეგლამენტით, თუ სადმე გუნდის მიერ სეზონში ჩატარებული მატჩების რაოდენობა იზრდება, ეს პირველი ლიგაა. ცოტა უცნაური კია, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაა, რამდენი გუნდი ითამაშებს ახალ საპირველლიგო სეზონში. ამას ობიექტური მიზეზი უფრო მეტი აქვს, ვიდრე სუბიექტური. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს საზომებით ისეთი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის პატრონი კლუბების მესვეურებმა გამოთქვეს პირველ ლიგაში თამაშის სურვილი, რომ მათი ”გარეთ დატოვება” და ხსენებული ლიგის ზოგიერთის წევრობა, ცოტა არ იყოს, უსამართლო ამბავია.
თანმიმდევრობით მივყვეთ. როგორც 2010-2011 წლების სეზონის საბოლოო ცხრილიდან ჩანს, ”გაგრამ”, ”მერანმა” და ”დილამ” (ამ უკანასკნელმა - გადათამაშებაში ”სამტრედიას” ძლევით) უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს. მათ დავუმატოთ სპორტული პრინციპით გასავარდნი ”ჭიათურა” და ”ლოკომოტივი” და მივიღებთ 12-ს. რანგით დაქვეითებული ”სამტრედია”, რეგიონალლიგის აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებში გამარჯვებული თბილისის ”ზოოვეტი” და ვანის ”სულორი” პირველი ლიგის ნამატად უნდა მივიჩნიოთ. შედეგად ვიღებთ თხუთმეტ გუნდს.
თუ ასეთი არითმეტიკით მიღებული გუნდების ჩამონათვალს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თბილისიდან, სადაც უმაღლესი ლიგის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელების ლომის წილი ვარჯიშობს, მხოლოდ 2 გუნდია, თანაც ისეთები (”ნორჩი დინამო” და ”ზოოვეტი”), რომლებსაც საკუთარი კადრები ჰყავთ და სხვისი დამატება ნაკლებად აინტერესებთ. ამასთან, არსებობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის წერილი, აქაოდა, გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირველ ლიგაში თამაშის სურვილიო...
პირველი ლიგის გამრავალფეროვნების სურვილი გამოთქვა წარმოშობით სოხუმელმა ქართველმა ბიზნესმენმა, რომელიც საფრანგეთიდან აპირებს სოხუმის ”აიეტის” დაფინანსებასა და პატრონობას. იგივე მოსაზრება გამოითქვა ხაშურიდან, საიდანაც ფინანსური გარანტიები კი წარადგინეს, მაგრამ სათამაშო მოედნის უქონლობა აწუხებთ. თუმცა, ”ივერიას” ”დიდ” ფეხბურთში (ამ გუნდმა უმაღლეს ლიგაში 7 სეზონი ითამაშა) დაბრუნების მოთავეებმა საქმიანი სიტყვა თქვეს - თუ პირველ ლიგაში დაგვიშვებთ, საშინაო მატჩებს ბორჯომში გავმართავთო.
შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე კლუბისა და ”თბილისური ვარიანტისთვის” საკმაოდ მისაღები ჩანს ”ლოკომოტივის” დაბრუნება - მით უფრო, ”რკინიგზელებმა” საამისო სურვილი წერილობითი სახითაც წარადგინეს ფედერაციაში. მთლად მიუხედავები არ ყოფილან ჭიათურაშიც, საიდანაც უკვე დევს შესაბამისი საგარანტიო წერილი ქართული ფეხბურთის სახლში.
15-სთვის ზემოთ ჩამოთვლილი გუნდების მიმატებით მივიღებთ 20-ს. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში პირველი ლიგის გათამაშების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა რევაზ შენგელიამ უთხრა ”მსოფლიო სპორტს”, ამ გუნდებს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღები თანხის შესატანად მიცემული აქვთ ვადა პირველ ივლისამდე. სწორედ თანხის გადამხდელთა გარკვევის შემდეგ გადაწყვეტს სფფ, რამდენი გუნდი ითამაშებს პირველი ლიგის ახალ გათამაშებაში.
სხვათა შორის, ფედერაცია პირველლიგელებს შარშან პირობა დაუდო, რომ სამონაწილეო თანხას უცვლელს დატოვებდა და სიტყვა შეასრულა კიდეც. თუ გასულ სეზონში ნათამაშებ ოცდათორმეტ მატჩში გუნდი 20 ათას ლარს იხდიდა, წლეულს სავარაუდოდ გასამართ 48 მატჩშიც (18-გუნდიანი ჩემპიონატის შემთხვევაში) იგივე თანხის გადახდა მოუწევს (მართალია, ეს შეღავათი მხოლოდ ფლეი ოფს შემორჩენილ ოთხ გუნდს შეეხება, მაგრამ ესეც საქმეა).
წინასწარი ინფორმაციით, არსებობს ალბათობა, რომ ”ნორჩმა დინამომ” სამონაწილეო თანხის შეგროვება ვერ შეძლოს. ამ შემთხვევისთვის, ფედერაციაში სამარქაფო ვარიანტად სენაკის ”ეგრისი” ჰყავთ. მოგეხსენებათ, ამ გუნდმა რეგიონალლიგის დასავლეთი ზონის სამეგრელოს ჯგუფში იპირველა და მხოლოდ გადასასვლელი მატჩი წააგო იმერეთის ჯგუფის გამარჯვებულ ვანის ”სულორთან”. როგორც ფედერაციაში გვითხრეს, ”ეგრისის” ვარიანტი მხოლოდ პირველლიგელთა რიცხვის 20-ამდე შესავსებად ”გათამაშდება”.
თუ სფფ საბოლოოდ 20-გუნდა ფორმატზე შეჩერდება, მაშინ არაა გამორიცხული, ეს გუნდები ტერიტორიული პრინციპით, ათ-ათად დაიყონ და შედგენილმა კალენდარმა უმაღლესი ლიგის კალენდრის რიტმისთვის აყოლა შეძლოს. მოგეხსენებათ, უკვე შედგენილი პროექტით, უმაღლესი ლიგის 12 გუნდი სეზონის რეგულარულ ნაწილს 3 მარტს ასრულებს. ჰოდა, პირველლიგელებმაც ამ გრაფიკით უნდა მოახერხონ საუკეთესო ოთხეულის გამოვლენა.
 
   
1 გაგრა 32 23 6 3 73-19 73
2 მერანი (მარტვილი) 32 22 7 3 60-15 73
3 დილა (გორი) 32 20 9 3 58-21 69
4 ჩიხურა (საჩხერე) 32 20 6 6 58-25 66
5 დინამო (ბათუმი) 32 18 9 5 66-18 63
6 გურია (ლანჩხუთი) 32 14 4 14 50-59 46
7 კოლხეთი (ხობი) 32 12 10 10 30-34 46
8 იმერეთი (ხონი) 32 11 4 17 36-43 37
9 მეშახტე (ტყიბული) 32 10 5 17 32-48 35
10 ნორჩი დინამო (თბილისი) 32 10 5 17 39-58 35
11 ჩხერიმელა (ხარაგაული) 32 7 14 11 35-45 35
12 ადელი (ბათუმი) 32 10 2 20 38-54 32
13 მერცხალი (ოზურგეთი) 32 8 8 16 41-68 32
14 სამგურალი-2009 (წყალტუბო) 32 8 6 18 38-64 30
15 სქური (წალენჯიხა) 32 8 5 19 28-52 29
16 ჭიათურა 32 8 5 19 28-69 29
17 ლოკომოტივი (თბილისი) 32 7 7 18 30-48 28
 
 
 
ფრიდონ კერვალიშვილი
 
 
0.115816