კალათბურთი

14:10 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტებმა ორივე საშინაო მატჩი მოიგეს

ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი “მაიამი ჰითი” და აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “სან ანტონიო სპურზი” ნახევარფინალისკენ დამაჯერებლად მიიწევენ. ფლორიდელები და ტეხასელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ და თანაც, მეტოქეებთან აშკარა უპირატესობას ფლობენ.

“სპურზი” “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან” პირველი ტაიმის შემდეგ 70:51-ს იგებდა და მართალია, მე-2 ნახევარში საოცარი ტემპი ოდნავ დააგდო, გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია – 114:97.

თამაშის შემდეგ, სან ანტონიოელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ტონი პარკერმა განსაკუთრებულად სამარქაფოების გარჯა აღნიშნა, რომელთაც სტუმართა სათადარიგოებს 50:19 აჯობეს. “ჩვენი სათადარიგოთა სკამი “გამოცოცხლდა”. ბიჭებს პირველ რაუნდში გაუჭირდათ. “დალასთან” სერია ძალიან მძიმე იყო. თუმცა, ბოლო ორ შეხვედრაში სათადარიგოები ჩინებულად გამოიყურებიან”.

პორტლენდელთა მარცხი ძირითადად საკუთარ თავზე აიღო გუნდის ლიდერმა ლამარკუს ოლდრიჯმა, რომელმაც თამაშიდან 23-დან მხოლოდ 6 ტყორცნა ჩააგდო და ამასთან, მე-2 მეოთხედში 2 სლემდანკიც გაუფუჭდა.

“ძალიან ბევრი სროლა გავაცუდეთ. თავადაც, თამაშის რიტმი ვერაფრით დავიჭირე. 2 ჩატენვა ვერ შევასრულე და 4-5 იოლი ლეი-აპიც ავაცილე. შანსები რომ გამოგვეყენებინა, შეიძლებოდა, სიტუაცია კარდინალურად შეცვლილიყო”.

ისიც ვთქვათ, რომ ტეხასური მატჩის დასრულება ვერ მოახერხა “ბლეიზერსის” გამთამაშებელმა მო უილიამსმა. ამ უკანასნელმა საზარდულის კუნთები ჯერ კიდევ პირველ რაუნდში “ჰიუსტონთან” სერიაში დაიზიანა და მას შემდეგ ტრავმით თამაშობდა, თუმცა, ახლა, ტკივილი გაუძლიერდა და მოედნის დატოვება მოუხდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ქულით აგებდა, საბოლოოდ, იოლი გამარჯვება იზეიმა “მაიამი ჰითმა”. ფლორიდელებმა “ბრუკლინ ნეთსი” მე-2 ნახევარში “გატეხეს” და 94:82 იმარჯვეს.

თამაში მეტად უცნაურად წარიმართა ბრუკლინელთა ერთ-ერთ ლიდერ დერონ უილიამსისთვის, რომელმაც 37 წუთში 9-ვე სროლა ააცილა და მატჩი უქულოდ დაასრულა. ცნობისთვის, ეს, დერონისთვის კარიერის უცუდესი მაჩვენებელია. შეხვედრის შემდეგ, უილიამსმა შემდეგი კომენტარი გააკეთა.

“აგრესიულად ვთამაშობდი, ხშირად ვუტევდი, თუმცა, ბურთის კალათში მოთავებას ვერაფრით ვახერებდი. ახლა, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. სერიაში 0:3 ჩამორჩენის უფლება არ გვაქვს”.

 

მაიამი – ბრუკლინი 94:82 (15:21, 30:25, 24:21, 25:15)

მაიამი: ჯეიმსი (22 ქ.), ბოში (18 ქ.), უეიდი (14 ქ. 7 მ. 7 პ.), ჩალმერსი (11 ქ.), ბატიე (3 ქ.); ალენი (13 ქ. 8 მ.), ლუისი (6 ქ.), კოული (5 ქ.), ანდერსენი (2 ქ.).

ბრუკლინი: ლივინგსტონი (15 ქ.), ჯონსონი (13 ქ.), პირსი (13 ქ.), გარნეტი (4 ქ. 12 მ.), უილიამსი (7 მ. 6 პ.); ტელეტოვიჩი (20 ქ.), ტორნტონი (10 ქ.), ანდერსონი (5 ქ.), პლამლი (2 ქ.), ბლატჩი.

მაიამი იგებს სერიას 2:0

 

სან ანტონიო – პორტლენდი 114:97 (29:26, 41:25, 17:20, 27:26)

სან ანტონიო: ლენარდი (20 ქ.), პარკერი (16 ქ. 10 პ.), დანკანი (10 ქ.), სპლიტერი (10 ქ. 10 მ.), გრინი (8 ქ.); ჯინობილი (16 ქ.), ბელინელი (13 ქ.), დიაო (12 ქ.), მილსი (7 ქ.), ეირსი (2 ქ.), ჯოზეფი, ბონერი, ბეინსი.

პორტლენდი: ბატუმი (21 ქ. 9 მ.), ლილარდი (19 ქ.), ოლდრიჯი (16 ქ. 10 მ.), მეტიუზი (14 ქ. 7 მ.), ლოპესი (8 ქ. 9 მ.); ბარტონი (13 ქ.), უილიამსი (4 ქ.), რობინსონი (2 ქ.), უოტსონი, მაკკოლუმი, ფრილენდი, ლენარდი.

სან ანტონიო იგებს სერიას 2:0

0.153287