ჭადრაკი

18:23 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ მუმბაის ტურნირი მოიგო

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ლევან ფანცულაია (2577) გახდა, რომელმაც ათ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს ნახევარი ქულით გაუსწრო.

დასკვნით ტურში ლიდერთა მონაწილეობით ყველა პარტია ფრედ დასრულდა, რაც ქართველ მოჭადრაკეს ხელს სრულიად აწყობდა. ფანცულაია თეთრი ფიგურებით ტაჯიკ ფარუხ ამონატოვს (2609) დაუზავდა და მეორე-მესამე ადგილებზე ბელარუსი ალეკსეი ალეკსანდროვი (2554) და ინდოელი შარმა ჰიმანშუ (2372) დატოვა.

აღნიშნული მოჭადრაკეების დარად 7.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 პოზიცია დაიკავა მიხეილ მჭედლიშვილმა (2632), რომელმაც თეთრებით ყაიმი ხსენებულ ჰიმანშუსთან გააფორმა.

7.0-7.0 ქულა მიითვალეს და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-8 და მე-10 პოზიციები ერგოთ ლუკა პაიჭაძეს (2544) და მერაბ გაგუნაშვილს (2562). მე-10 ტურში შავი ფიგურებით გაგუნაშვილი შარდულ გაგარეს (ინდოეთი, 2446) დაუზავდა, პაიჭაძე კი – ბაჯაი პრინსს (ინდოეთი, 2333).

0.122479