საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ სერბეთში ორიოდ კვირის წინ ჩატარებული მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა დღეს, ფალავანთა კლუბში შეაჯამა.
პრესკონფერენციას ფედერაციის პრეზიდენტის გარდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების წევრები დაესწრნენ.
შეგახსენებთ ქართველმა ჭაბუკებმა სულ 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 1 ოქრო და 1 ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზეა, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა აიღეს.
მსოფლიო ჩემპიონი ზვიად პატარიძე (100 კგ. ბერძნულ-რომაული) გახდა, რამაზ ზოიძეს (58 კგ. თავისუფალი) უმაღლეს ტიტულამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ლევან ქავჟარაძე (58 კგ. ბერძნულ-რომაული), ირაკლი მხეიძე (50 კგ. თავისუფალი) და გივი მაჭარაშვილმა (100 კგ. თავისუფალი) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
“სასიხარულოა, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ისეთ შედეგებს აღწევენ, რომლებიც ქართული ჭიდაობის სამომავლო წარმატებების იმედს გვაძლევს. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ ნაკრებებს ნამდვილად ღირსეული ახალი თაობა ეზრდებათ. მადლობა უპირველეს ყოვლისა ბიჭებს ამ მონდომებისთვის. ასევე მადლობა ნაკრებების მწვრთნელებს” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
ფედერაციის პრეზიდენტს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ალექსანდრე კილაძეზე ვკითხეთ, რომელიც ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა და მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელ წინასწარ განაცხადშიც იყო შეყვანილი, მაგრამ ხალიჩაზე არ გასულა. კურტანიძის განცხადებით, სპორტსმენს ზედმეტი წონა შეგნებულად არ დააკლებინეს, ამას ჯანმრთელობაზე რომ არ ემოქმედა. ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება ალექსანდრე კილაძის მშობლებთან შეთანხმებით მიიღო.
თამაზ თევზაძემ აღნიშნა, რომ ქართველი მოჭიდავეების სტაბილურად წარმატებული გამოსვლა ჭიდაობის ფედერაციის გეგმაზომიერი მუშაობის შედეგია, რისთვისაც კურტანიძეს მადლობა გადაუხადა. სპორტის მინისტრის მოადგილემ მწვრთნელების ნაყოფიერი შრომაც ახსენა და სპორტსმენებთან ერთად მათაც მიულოცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მედლები.
ნაკრებების მწვრთნელთაგან კომენტარი ჭაბუკთა გუნდის ყოფილმა თავკაცმა, ამჟამად კი ნაკრების კონსულტანტმა ვაჟა კრავეიშვილმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ჭაბუკებს მსოფლიოს პირველობისთვის კარგად მოსამზადებლად ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი.
სპორტის სამინისტროს ფოტო