“საჩემპიონო დონის თამაში” – ასე შეაფასა სპეციალისტთა ნაწილმა ზაზა ფაჩულიასა და “მილუოკი ბაქზის” მატჩი, რომელიც “ხარირმებმა” “იუტა ჯაზის” წინააღმდეგ ჩაატარეს. მილუოკელთა ასპარეზობაზე სასიკეთო გავლენა მოახდინა ტრიბუნაზე კლუბისა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავის ქარიმ აბდულ-ჯაბარის (ლუ ალსინდორი) ყოფნამ.
რეგულარული პირველობის დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ “მილუოკის” ამ დილით თამაში წაუვიდა. ტყორცნათა სიზუსტემ 57 პროცენტს მიაღწია და ბოლო 12 შეხვედრის განმავლობაში პირველად “ბაქზმა” 100 ქულაზე მეტი დააგროვა. საბოლოოდ მილუოკელებმა სოლტ ლეიკ სიტელი “ჯაზმენები” 114:88 დაამარცხეს (გუნდმა რეგულარულ პირველობაზე მეთორმეტედ იმარჯვა), რითაც ფრიად კმაყოფილი მათი დამრიგებელი ლარი დრიუც დარჩა: “დღეს ჩვენთვის ყველაფერი მშვენივრად აეწყო და გუნდის თამაშით მაყურებელთან ერთად მეც ვისიამოვნე”.
ზაზა ფაჩულიას თამაშს რაც შეეხება, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მილუოკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 25 წუთი და 39 წამი გაატარა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ზაზა დიდებულად გაისარჯა. ფაჩულიამ ოთხიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, რვავე საჯარიმო ტყორცნის ზუსტი რეალიზება მოახერხა და ჯამში 14 ქულა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 6 მოხსნა განახორციელა (2 მოწინააღმდეგის ფარზე), პარტნიორების მისამართით 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, და ბლოკ-შოტიც მიითვალა. “სწრაფ შეტევებსაც ვახორციელებდით და მოხსნებშიც ვიყოჩაღეთ. კარგად ითამაშა ჩვენმა გამთამაშებელმა ნეით უოლტერზმა, რომლის რეიდები ძალიან დაგვეხმარა”, - ამგვარი რეზიუმე გაუკეთა მატჩს ფაჩულიამ. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ “ჯაზის” სასტარტო შემადგენლობის მეფარე დერიკ ფეივორზმა ორად-ორ ქულასა და 5 მოხსნას მოუყარა თავი.
ბოლოს ქარიმ აბდულ-ჯაბარზეც ორიოდე სიტყვით ვთქვათ. მილუოკელებმა ის 1969 წლის დრაფტზე აიყვანეს, 2 წლის შემდეგ კი “ბაქზი” ნბა-ს ჩემპიონი გახდა. ქარიმი მილუოკელთა ყველა დროის საუკეთესო მექულეა, ამჯერად კი ქალაქს ვისკონსინის შტატში ტურიზმის განვითარების მიზნით ეწვია. ყოფილი გუნდის თამაშით აბდულ-ჯაბარი ნასიამოვნები დარჩა, მეორე ტაიმის მსვლელობისას კი ოპერატორების კამერები მის მოღიმარ სახეს უჩვენებდნენ მაყურებელს.







