ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტმა” უკრაინულ სუპერლიგაში უკანასკნელი მატჩი “ოდესასთან” ჩაატარა და 69:92 განადგურდა. გასულ შეხვედრაში ქართველი ფორვარდს მონაწილეობა არ მიუღია, რისი მიზეზიც ლევანის სერიოზული ტრავმაა.
ქართველი ლეგიონერის მდგომარეობის შესახებ განცხადება დნიპროძერჟინსკელთა მთავარმა მწვრთნელმა ვიკტორ კობზისტიმ გააკეთა.
“ფაცაციას მძიმე მოტეხილობა აქვს. “მსროლელი” ხელი დაიზიანა. მის გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება. შეიძლება, ქირურგიულმა ჩარევამ კარგი შედეგები მოიტანოს, თუმცა, ორ თვეზე ნაკლებ დროში მაინც ვერ მომჯობინდება, პესიმისტური პროგნოზით კი, ლევანს ოთხ თვემდე პერიოდის გამოტოვება ელის”.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 25 წლის ქართველმა ფორვარდმა “დნიპროაზოტის” მაისურით უკრაინის ჩემპიონატში 9 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მონაგარი კი 9.1 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.1 პასი გახლდათ.
ფაცაცია მოედანზე საშუალოდ 28.0 წუთს ატარებდა და ბოლო პერიოდში საუკეთესო ფორმაშიც გახლდათ, ამდენად, მისი ტრავმა განსაკუთრებით დასანან პერიოდს დაემთხვა.
ამ დროისთვის, “დნიპროაზოტს” სუპერლიგაში 10-დან 9 მატჩი აქვს წაგებული და ბოლო მე-14 ადგილზე იმყოფება.