უკრაინაში სტარტი აიღო სუპერლიგის მორიგმა გათამაშებამ და ისე მოხდა, რომ პირველივე ტურში ერთმანეთს ქართველთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტმა” გიორგი ცინცაძის “დონეცკს” უმასპინძლა და 78:94 დამარცხდა.
დნიპროძერჟინსკელები ბოლო მეოთხედის წინ 7 ქულით აგებდნენ და თამაშის გადარჩენის გარკვეულ შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა, უკანასკნელი ათწუთეული 12:21 დათმეს და სოლიდური სხვაობით დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ გასულ შეხვედრაში “ვეფხვებმა” (დონეცკელთა მეტსახელია – რედ.) 37 შედეგიანი გადაცემა განახორციელეს, რაც სუპერლიგის ყველა დროის რეკორდია.
აღნიშნული პასებიდან 3 ცინცაძეზე მოდის, რომელიც სტუმართა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 12:44 წუთი გაატარა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და ორ ქულას 1 მოხსნაც წაამატა. ქართველი უკანახაზელის პასივში 1 პერსონალური ფოლი და 1 შეცდომა გახლდათ.
გაცილებით მეტი სათამაშო დრო დაეთმო ფაცაციას, რომელიც ასევე სასტარტო შემადგენლობაში იყო. ქართველმა ფორვარდმა 35:28 წუთს იასპარეზა და დნიპროძერჟინსკელებს 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა შეაშველა.
ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
ორივე გუნდის რიგებში საუკეთესონი ამერიკელი კალათბურთელები იყვნენ. მასპინძლებს 28 ქულით დონალდ სიმსმა ულიდერა, სტუმრებს კი გამარჯვება ბენ მაკკალიმ (27) და მარკო კილინგსვორტმა (24) მოუტანეს.
20 ოქტომბერს, “დნიპროაზოტი” კვლავ შინ დნიპროპეტროვსკის “დნიპროს” უმასპინძლებს, “დონეცკი” კი უკრაინის პირველობის მე-2 ტურის შეხვედრას 18 ოქტომბერს საკუთარ კედლებში მარიუპოლის “აზოვმაშის” წინააღმდეგ გამართავს. ისიც ვთქვათ, რომ 13-ში ცინცაძის კლუბი ვთბ-ლიგის ეგიდით სანკტ-პეტერბურგის “სპარტაკს” დაუხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია