სესკ ფაბრეგასის სატრანსფერო ამბავს საბოლოო წერტილი დაესვა - ჩრდილოლონდონის “არსენალისა” და აწ უკვე “ბარსელონას” ყოფილი წევრი საფეხბურთო კარიერას დასავლეთლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს. კატალონელმა სტემფორდ ბრიჯელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება.
სესკი “ჩელსიში” ოთხნომრიანი მაისურათი ითამაშებს. გასულ სეზონში ამ ნომრით პსჟ-ში გადაბარგებული დავიდ ლუისი ასპარეზობდა.
“უპირველესად ბარსელონელებს მსურს გადავუხადო მადლობა. “კამპ ნოუზე” 3 დაუვიწყარი სეზონი გავატარე. “ბარსა” ჩემი ბავშვობის კლუბია და ყოველთვის ვიამაყებ, ამ ბრწყინვალე გუნდის ღირსებას რომ ვიცავდი. ბევრი წინადადება განვიხილე და საბოლოოდ არჩევანი “ჩელსიზე” შევაჩერე. დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. კლუბი ჩემ ამბიციას აკმაყოფილებს - ლონდონელებს ხომ მეტად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და ტიტულების მოხვეჭას ლამობენ. პირადად მე პრემიერლიგაში კიდევ მაქვს სიტყვა სათქმელი და ნისლიან ალბიონზე დასაბრუნებლად შესაფერის მომენტს ველოდი”, - განაცხადა ფაბრეგასმა.
“ბარსელონას” შემადგენლობაში სამწლიანი ასპარეზობით სესკმა ესპანეთის ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი მოიგო.