ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ინტერვიუ მისცა Sky Sport Italia-ს. კორესპონდენტმა დონ ფაბიოს იტალიის ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშზე, აპენინელთა მომავალ საკლუბო პირველობასა და რამდენიმე პირადულ კითხვაზე სთხოვა პასუხის გაცემა.
- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე იტალიის ნაკრებმა კონფედერაციათა თასზე გამოსვლისას?
- ბრაზილიაში ჩატარებულ ტურნირზე ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილმა და დაკომპლექტებულმა გუნდმა ჩემზე მშვენიერი შტაბეჭდილება დატოვა. “სკუადრა აძურამ” მაღალი კლასის ფეხბურთი აჩვენა მაყურებელს და თუკი იტალიის ნაკრებმა ასეთივე ტემპით განაგრძო პროგრესი, მომავალი წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მისგან მაღალ შედეგს უნდა ველოდეთ.
- მომავალ სერია A-ში პირველობის მოპოვების უპირველეს ფავორიტად რომელ გუნდს თვლით?
- ტურინის “იუვენტუსი” არგენტინელი კარლოს ტევესის შეძენის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი გახდა. დარწმუნებული ვარ, “ბებერი ქალბატონი” საერთაშორისო არენაზეც კონკურენტუნარიანი იქნება. ჩემი აზრით, “იუვენტუსი” სკუდეტოს უპრობლემოდ შეინარჩუნებს, ამასთან ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაშიც ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. “მილანს” რაც შეეხება, “როსონერი” ახალგაზრდული გუნდია და ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან მატჩის დროს სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია, მაგრამ მილანელები ტურინელებს ერთი ნაბიჯით ჩამორჩებიან. თუმცა, “მილანის” შემდგომი პროგრესია მოსალოდნელი – მოთამაშეებს კარგად ესმით, რას ითხოვს მათგან მასიმილიანო ალეგრი და მთავარი მწვრთნელის მითითებებსაც ზუსტად ასრულებენ.
- მარიო ბალოტელიზე რა აზრის ხართ?
- მარიო უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მხოლოდ ტალანტი საკმარისი არაა მსოფლიო დონის მოთამაშედ ჩამოსაყალიბებლად.
- პრაქტიკულად გადაწყვეტილია ედინსონ კავანი საფეხბურთო კარიერას “პარი სენ ჟერმენში” რომ გააგრძელებს...
- როდესაც დიდ სატრანსფერი თანხაზეა საუბარი, გუნდის გამოცვლა გარდაუვალი ხდება. კავანი და “ნაპოლი” პარიზელებს უარს ვერ ეტყოდნენ. ურუგვაელ ფორვარდს ახალ დონეზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა, ხოლო ნეაპოლელებმა კავანის სანაცვლოდ სხვა დროს ესოდენ დიდ თანხას ვერ აიღებენ.
- მწვრთნელის უმაღლეს ჯილდოდ რას მიიჩნევთ?
- ეს საქმე ნებისმიერი სპეციალისტისთვის ინდივიდუალურია. მე კი იმით ვარ კმაყოფილი, რომ “მილანში” არიგო საკის წარმატებათა სერია განვაგრძე, მადრიდის “რეალში” ჩავარდნის შემდეგ გამარჯვებათა ახალ ციკლს ჩავუყარე საფუძველი, “რომაში” იმ ფეხბურთელებს ჩავუნერგე მოგებათა რწმენა, რომლებიც უკვე მარტში ზაფხული ზღვის სანაპიროზე გატარებაზე ფიქრობდნენ. ყველაზე რთული “იუვენტუსთან” ერთადაა გამარჯვება – “ბებერი ქალბატონი” ხომ ყოველთვის მწვერვალზეა.
- ფეხბურთელთათგან, რომლებთანაც გიმუშავიათ, ყველაზე ნიჭიერი რომელი მათგანი იყო?
- მარკო ვან ბასტენი. იგი ტალანტით მარტო საფეხბურთი მინდორზე კი არ გახლდათ გამორჩეული, არამედ სანიმუშო იყო ვარჯიშების დროს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ჰოლანდიელი ცენტრფორვარდის შემდეგ პაოლო მალდინის დავაყენებდი.
- პარტნიორებიდან ყველაზე მეტად ვის გვერდიგვერდ გიყვარდათ თამაში?
- ჯანი რივერა და დინო ძოფი.
- რატომ არ გყავთ მეგობრები საფეხბურთო წრის წარმომადგენელთაგან?
- ვინ მოგახსენათ! “ნაპოლის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ედოარდო რეია და დინო ძოფი ჩემი მეგობრები არიან. პირველთან ერთად ფერარაში ვიზრდებოდი, მე და დინომ კი “იუვენტუსში” თამაშისას ერთი ფუთი მარილი შევჭამეთ. ისე კი, იშვიათად ვუახლოვდები იმ ადამიანებს, რომელთან ერთადაც დიდ დროს ვატარებ. შესაძლოა, ეს მამაჩემის დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, არასდროს ვყოფილიყავი ნახირის წევრი. თუკი მხოლოდ ფეხბურთში მომუშავე ადამიანებთან გიწევს ყოფნა, მათთან მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობ, დეგრადაცია არ აგცდება.
- ოჯახის წევრებთან რომელ თემებზე არ საუბრობთ?
- მხოლოდ და მხოლოდ, საფეხბურთოზე.