ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თავისი ახალგაზრდა კოლეგა ანტონიო კონტე შეაქო.
კაპელო “ბებერ ქალბატონს” 2004-2006 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა ორჯერ მოიგო, მაგრამ მერე ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის გამო ტურინელებს ეს ტიტულები ჩამოართვეს.
“კონტე იტალიის საუკეთესო მწვრთნელია. მან ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შეუპოვარი მუშაობით დაამტკიცა. ის მუშაობდა იმისათვის, რომ “იუვენტუსისთვის” გამარჯვებულის მენტალიტეტი დაებრუნებინა, რომელიც სერია B-ში დაქვეითების გამო დაიკარგა. გუნდის თამაში სრულიად კონტეს დამსახურებაა. რაღა თქმა უნდა, ევროპაში უფრო დიდი კონკურენციაა, ვიდრე შიდა ჩემპიონატში, თუმცა, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, კონტე იქაც მიაღწევს წარმატებას. ზოგიერთი ფაქტებისა და სტატისტიკური მონაცემების შემხედვარეს, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მისი “იუვენტუსი” ჩემსაზე უკეთესია. ციფრები არ იტყუებიან. თუ ტურინელებმა უახლოეს მატჩში “რომა” დაამარცხეს, მაშინ სხვაობა 8-ქულიანი გახდება და ეს სერიოზული საჩემპიონო განაცხადი იქნება” - განაცხადა კაპელომ.