ფაბიო კაპელოს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომ ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ 3 რევოლუციას ცნობს. ჟურნალისტთან საუბრისას დონ ფაბიო ტრადიციულად მისეულ ბევრ საინტერესო თვალსაზრისს გვთავაზობს და მომავალი წლის მუნდიალზეც საკუთარ მოსაზრებას ამხელს.
- მართალია, თითქოს მადრიდის “რეალის” მთავარმწვრთნელობისას განაცხადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი მოძველებული ყაიდისაა და არათანამედროვეა?
- ამგვარი რამ არასდროს მითქვამს. ინტერნეტში ხშირად არასწორ ინფორმაციას ამოიკითხავთ. როდესაც “რეალში” პირველად ვმუშაობდი, მინდორზე ერთდროულად თამაშობდნენ რაული, დავორ შუკერი, პრედრაგ მიატოვიჩი, მარჯვნიდან ვიქტორი მოქმედებდა, ფერნანდო რედონდო და კლარენს ზეედორფი კი ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდნენ. ასეთი გუნდი თავდაცვითს ჰგავს? როდესაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” მეორედ მივედი, მაშინაც გუნდს 3 ფორვარდით ვათამაშებდი. ყოველთვის მომწონდა ერთბაშად რამდენიმე თავდამსხმელით ასპარეზობა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი ავტომატურად მოიგებს. კარგად მახსოვს, ერთი პერიოდი რუუდ ვან ნისტელროისა და რონალდოს ტანდემში ვაყენებდი და რა გამოვიდა ამ საქმისგან – 5 მატჩი ჩავატარეთ ამ სათავდამსხმელო წყვილით და 3 შეხვედრა წავაგეთ. თანაც, წინ წაწეულებზე ოდნავ უკან რაული მოქმედებდა, ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე კი დევიდ ბექჰემი იდგა. ამ მარცხების შედეგად “ბარსელონამ” 9 ქულით გაგვასწრო. საბოლოოდ ჩემპიონობა მაინც მოვიპოვეთ და ქულათა დეფიციტი მას შემდეგ აღმოვფხარით, რაც შეტევის წინა ხაზზე ერთ ფორვარდს ვათამაშებდით. დილეტანტმა გულშემატკივარმა შესაძლოა იფიქროს, რომ რაც მეტი ფორვარდი გეყოლება მინდორზე, გუნდი მით უფრო მეტ გოლს გაიტანს, მაგრამ, გარწმუნებთ, ასე ნამდვილად არაა.
- თანამედროვე ფეხბურთს როგორ დაახასიათებდით?
- მინდორზე განვითარებული მოვლენებს გულისხმობთ თუ ასპარეზს გარეთ მიმდინარე მომენტებს? ორივე ასპექტი მეტად მნიშვნელოვანია. საფეხბურთო მედიას რაც შეეხება, ამ მხრივ დიდი პროგრესია. ტელევიზიის, გაზეთებისა და ინტერნეტის მეშვეობით ამჟამად ზღვა ინფორმაციის შეტყობაა შესაძლებელი, რაც მწვრთნელებისთვისაც სასარგებლოა. თუკი უშუალოდ მატჩის მსვლელობისას მიმდინარე პროცესებს მივადევნებთ თვალს, ჩემი აზრით, ფეხბურთი უფრო გახსნილი გახდა. როგორც მოგახსენეთ, მინდორსა და მის გარეთ მიმდინარე პროცესები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. Yველას აქვს საშუალება კარგად გაეცნოს, როგორ თამაშობენ პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ეს ამბავი მწვრთნელების კარგად ინფორმირებულობას უწყობს ხელს და დამრიგებლებს ყოველი კონკრეტული მატჩის წინ სათანადო ტაქტიკის არჩევის საშუალება აქვთ. ბოლო დროს ნებისმიერ გუნდთან მოგება საგრძნობლად გართულდა და მიზნის მისაღწევად გუნდში ერთდროულად რამდენიმე მაღალი კლასის მოთამაშის ყოლაა აუცილებელი.
- როგორც უწინ, ამჟამად სიახლეების დანერგვა შესაძლებელია?
- ფეხბურთის ისტორიას კარგად თუ გავაანალიზებთ, 3 ძირეულ რევოლუციას აღმოვაჩენთ. გასული საუკუნის 70-იან წლებში ყველა გააოცა ამსტერდამის “აიაქსმა”. რინუს მიხელსის გუნდმა ტოტალური ფეხბურთი დანერგა თავისი პრესინგითა და ოფსაიდის ზღვარზე თამაშით. 80-90-იანი წლების მიჯნაზე ყველა გააოცა “მილანმა”, მესამე ნოვატორი კი “ბარსელონაა”, რომლის პრიორიტეტი ბურთის კონტროლია და მისი დაკარგვის შემთხვევაში ართმევის აგრესიული სტილი. როგორც დრო გვიჩვენებს, ნოვაციების კარგად შესწავლისა და გაანალიზების შემთხვევაში, ფეხბურთის განვითარების ახალი ვარიანტების შემუშავებაა შესაძლებელი.
- მაინც როდის ვიხილავთ კიდევ ერთ სიახლეს? თქვენი წარმოდგენით, როგორია მომავლის ფეხბურთი?
- როგორც ხედავთ, საფეხბურთო რევოლუციები დაახლოებით 15 წელიწადში ერთხელ ხდება. “ბარსელონამ” გადატრიალება ცოტა ხნის წინ მოახდინა, ამიტომაც გარკვეული პერიოდით მოცდა მოგვიწევს.
- მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის სტარტამდე დიდი დრო არაა დარჩენილი. ვისენტე დელ ბოსკეს “ფურია როხამ” წაუგებელი გუნდის აურა დაკარგა?
- ესპანეთის ნაკრებს თავისი განუმეორებელი სტილი აქვს. ამგვარი მანერით თამაშობს ყველა ასაკობრივი ნაკრებიც. წამყვან ფეხბურთელებთან ერთად პირენელთა ეროვნულ გუნდში ახალი ვარსკვლავების გამოჩენას უნდა ველოდეთ.
- ბრაზილიის ნაკრებზე რას გვეტყოდით?
- ლუიშ ფელიპე სკოლარის განკარგულებაში ისეთი მოთამაშეებია, რომლებსაც ულამაზესი კომბინაციის გათამაშება და მათი ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა შეუძლიათ. ბრაზილიური ტორსიდა უწინდელი ნაკრების მიერ მიღწეულ დიდებაზე ოცნებობს. მას კარგად ახსოვს 1970 და 1982 წლების გუნდი და დღევანდელსაც მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. თუკი ბრაზილიელები თავიანთ პოტენციალს სრულად აამოქმედებენ, მათგან ნებისმიერ შედეგია მოსალოდნელი.