რანგით მე-2 საკალათბურთო ტურნირ ევროთასზე ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა. ესენი რუსული “უნიქსი” და “ნიჟნი ნოვგოროდი”, სერბული “ცრვენა ზვეზდა” და ესპანური “ვალენსია” არიან.
ყველაზე დაძაბული ბელგრადში გამართული მატჩი გამოდგა, სადაც კიევის “ბუდიველნიკი” სამქულიანი მარაგით ჩავიდა, თუმცა, ასეთივე სხვაობით წააგო და ოვერტაიმშიც მეტოქეზე უარესად გამოიყურებოდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ შეხვედრაში “ცრვენა ზვეზდას” “კომბანკ არენაზე” დახურული არენებისთვის მაყურებელთა დასწრების ევროპული რეკორდი დამყარდა. საყვარელი გუნდის გასამხნევებლად 24 232 ქომაგი შეიკრიბა.
უწინდელი მიღწევა (22 567 მაყურებელი) 2009 წლის 5 მაისს იმავე ბელგრადულ სარბიელზე იქნა დაფიქსირებული, როდესაც “პარტიზანი” ათენის “პანათინაიკოსს” მასპინძლობდა.
ცნობისთვის, მაყურებელთა დასწრების აბსოლუტური რეკორდი 1966 წელს ათენში დამყარდა, როდესაც თასების მფლობელთა თასზე ბერძნული აეკ-ი პრაღის “სლავიას” ეთამაშებოდა.
თუკი ისევ “ცრვენა ზვეზდას” და “ბუდიველნიკის” მატჩს დავუბრუნდებით, აღვნიშნავთ, რომ სერბმა ქომაგებმა თავი სხვა მხრივაც გამოიჩინეს. უკრაინულ გუნდს რუსეთის დიდი დროშა გადმოუფინეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევროპაში რუსების მხარდამჭერ ლამის ერთადერთ ქვეყნად რჩებიან.
ევროთასის მეოთხედფინალები
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) – ბუდიველნიკი (უკრაინა) 79:70 ოტ. (11:15, 18:16, 10:11, 24:18, 16:10)
პირველი მატჩი 79:82
უნიქსი (რუსეთი) –
პირველი მატჩი 81:68
ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი) – ჰაპოელი (ისრაელი) 88:72 (15:21, 25:16, 23:13, 25:22)
პირველი მატჩი 78:81
ალბა (გერმანია) – ვალენსია (ესპანეთი) 78:73 (16:19, 17:17, 22:23, 23:14)
პირველი მატჩი 54:86
ნახევარფინალები
1-2 აპრილი
ცრვენა ზვეზდა – უნიქსი
ვალენსია – ნიჟნი ნოვგოროდი
8-9 აპრილი
უნიქსი – ცრვენა ზვეზდა
ნიჟნი ნოვგოროდი – ვალენსია
ფინალი
1 და 7 მაისს
გამარჯვებული 2014-15 წლების სეზონში ევროლიგაში ითამაშებს