რაგბი

12:00 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროთასების წინ

ამ კვირიდან ქართველი ლეგიონერები და მათი ფრანგული კლუბები ევროთასებში ჩაერთვებიან, მანამდე კი, საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში IX ტურის თამაშები გაიმართა. სამწუხაროდ, ძირითადად ტრავმების გამო, ქართველ მორაგბეთა უმეტესობა მოედანზე კვლავ არ გამოჩენილა.

ტურის ცენტრალურ მატჩში “ჰაინეკენის თასის” მფლობელმა - ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” უმასპინძლა და 25:19 იმარჯვა. განაცხადში მხოლოდ ზირაქაშვილი იყო და 49-ე წუთიდან ითამაშა. ტაიმი მასპინძლებნა 16:13 მოიგეს, მეორე ნახევარში უპირატესობა აღარ დაკარგეს, პერიოდულად მის გაზრდასაც ახერხებდნენ და სტუმართა ბოლო წუთზე გატანილმა ჯარიმამ “კლერმონს” მხოლოდ პრემიალური ქულა მოუტანა. “ტულონს” 27 ქულა დაუგროვდა და ლიდერობა დაიბრუნა, ოღონდ მასავით 27 ქულა კიდევ ორ გუნდს აქვს. “კლერმონი” 25 ქულით მე-5 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ წელს Top 14-ში განსაკუთრებული სიმჭიდროვეა და ქულათა სხვაობები იმდენად მცირეა, რომ მე-11 ადგილზე მყოფ გუნდსაც კი, ერთი მოგების შედეგად საპლეიფო ექვსეულში დაბრუნების კარგი შანსი ექნება.

მიხეილ ნარიაშვილისა და მამუკა გორგოძის “მონპელიემ” “უაიონი” 45:20 დაამარცხა, ორის პასუხად ექვსი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. შედეგად, მას 27 ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილზეა. მონპელიელთა ქართველი ლეგიონერები ტრავმირებული არიან.

27 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა”, რომელმაც განვლილ ტურში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” 28:10 დაამარცხა. ტულუზელებმა პრემიალური ქულაც აიღეს და ყოფილი ლიდერი 26 ქულით მე-4 ადგილამდე დააქვეითეს. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.

გიორგი ჟღენტის “პერპინიანმა” აუტსაიდერ “ბიარიცს” სტუმრად 16:12 სძლია. აქ ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი ითამაშა. ტაიმი 6:6 დასრულდა და მეორე ნახევრის დასაწყისში “ბიარიცი” ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ “პერპინიანმა” მალევე კარგი მოლი დააყენა და ლელო-გარდასახვით უპასუხა. სალელოვე შეტევაში ქართველი პირველხაზელიც იღებდა მონაწილეობას და ამის შემდეგ შეცვალეს. “პერპინიანის” აქტივში 24 ქულაა და მე-6 ადგილს იკავებს.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივმა” ქვეყნის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” 34:0 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ფეიქრიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45 წუთი ითამაშა, ასეიშვილი შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა, შველიძეს არ უთამაშია. მასპინძლებმა სამი ლელო საწყის ნახევარ საათში გაიტანეს, მეოთხე მეორე ტაიმის დასაწყისში და დიდი უპირატესობით იმარჯვეს. “ბრივი” 22 ქულით მე-9 ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო “კასტრი” 20 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” “გრენობლს” ქართველი ლეგიონერის გარეშე დაუხვდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 20:22. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვეს და 22 ქულით მე-8 ადგილზე არიან. ზაზა ნავროზაშვილის გარეშე “ბორდომ” “ბაიონს” 34:6 მოუგო და 21 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

“კელტების ლიგაში” დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგი” “კარდიფთან” სტუმრად 12:29 დამარცხდა. ქართველმა მესამეხაზელმა შეუცვლელად ითამაშა. “კელტების ლიგაში” უკვე 5 ტური გაიმართა, “ედინბურგმა” მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და 4 ქულით ბოლო, მე-12 ადგილზეა. ბასილაიამ ხუთიდან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყველა ჯერზე სასტარტო შემადგენლობაში იყო, სამჯერ შეუცვლელად გაისარჯა, ერთხელ კი, შესვენებისას შეცვალეს.

მომავალი ორი კვირა ევროპული კლუბები ევროითასებზე - “ჰაინეკენის თასსა” და “ჩელენჯ ქაფზე” ითამაშებენ, შიდა ასპარეზებს კი, ოქტომბრის ბოლოდან დაუბრუნდებიან.

0.112498