საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ახლახან თბილისში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ერთად დღეს შეაჯამა. სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების წევრები და მწვრთნელები თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრნენ. ერთ-ერთი გამონაკლისი ბერძენ-რომაელთა დამრიგებელი ბეგი დარჩია იყო, რომელიც სამინისტროში არ გამოჩენილა.
“დღეს აქ ევროპირველობის შესაჯამებლად შევიკრიბეთ. საქართველოში, ჭიდაობაში ამ რანგის ტურნირს პირველად ვუმასპინძლეთ და ვფიქრობ, გამოცდა საკმაოდ კარგად ჩავაბარეთ. თბილისური ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები სამთავრობო დონეზე იყო აყვანილი და ტურნირის დასრულების შემდეგ გაწეული სამუშაო წარმატებად შეფასდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ საქმეში თუნდაც სულ პატარა წვლილი მიუძღვის და რაც მთავარია, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოჭიდავეებს და მწვრთნელებს. საერთო შედეგის გათვალისწინებით უკმაყოფილების საბაბი არ არსებობს. ახლა კი დროა წარმატებით გამოწვეული ეიფორიიდან გამოვიდეთ და შემდგომი ტურნირებისთვის სამზადისზე გადავერთოთ. მომავალში კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ” – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ლუკა კურტანიძემ დარბაზში მყოფთ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელების მიერ გამოგზავნილი სამადლობელი წერილები წაუკითხა. ფილას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნენად ლალოვიჩი და სელას პრეზიდენტი ცენო ცენოვი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას ევროპირველობის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან და მომავალი საქმიანი თანამშრომლობის იმედს გამოთქვამენ. კურტანიძემ ლალოვიჩისა და ცენოვის ზეპირი დაპირებებიც გაიხსენა, რომლის თანახმადაც ისინი მზად არიან საქართველოში უახლოეს წლებში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების საკითხზეც იმსჯელონ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საორგანიზაციო კუთხითაც და საერთო სპორტული მიღწევითაც კმაყოფილია.
“ორივე სტილში ერთად 7 მედალი მოვიპოვეთ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ასეთი შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს გვქონია. კიდევ უფრო სასიხარულო კი ისაა, რომ რეზერვიც საკმაოდ გვყავს” – დასძინა ლუკა კურტანიძემ.
დაბოლოს ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხიც, რომელზეც მუშაობას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია უახლოესი დღეებიდან დაიწყებს. საუბარია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში მოსალოდნელ ცვლილებებზე.
“თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საკადრო ცვლილებებმა გაამართლა, რასაც წლევანდელ საერთაშორისო ტურნირებზე ნაჩვენები შედეგებიც მოწმობს. თავისუფლებს გაცილებით შთამბეჭდავი მონაგარი აქვთ, ვიდრე ბერძენ-რომაელებს. უახლოეს დღეებში ფედერაციაში მორიგი სანაკრებო ცვლილებების განხორციელების საკითხებზე სასაუბროდ შევიკრიბებით და სპეციალისტებთან ერთად დავიწყებთ მსჯელობას. საბოლოო გადაწყვეტილებას კი სავარაუდოდ ორ კვირაში მივიღებთ” – განაცხადა კურტანიძემ.







